პარლამენტის კომიტეტმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდა სამოქალაქო უსაფრთხოების ცნება და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის არსი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. კანონპროექტების წარდგენის შემდეგ, შალვა ხუციშვილმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდა სამოქალაქო უსაფრთხოების ცნება და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის არსი.
პროექტის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, მუნიციპალიტეტების ორგანოების (ეროვნული სისტემის სუბიექტების) ერთიანი ქსელი, რომელიც სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე სათანადო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების კომპლექსს, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის მიზნით. ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანოა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ იქნება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით იქმნება მოხალისეთა სისტემა. მოხალისედ ჩაითვლება პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოხალისეთა ეროვნულ სიაში.
პროექტის თანახმად, განისაზღვრება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა შეტყობინების და ინფორმირების მოქნილი წესი.
საგანგებო სიტუაციის მართვის მიზნით, საგანგებო სიტუაცია/ინციდენტი, წარმოქმნის ხასიათიდან გამომდინარე იყოფა შემდეგ სახეებად: ა) ბუნებრივი, ბ) ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური).
საგანგებო სიტუაცია მისი შედეგების, ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, აგრეთვე, მისი ხასიათის, ადგილმდებარეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ან ეროვნული მნიშვნელობის.
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან საგანგებო სიტუაციის რისკის გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას მიანიჭოს ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორია.
ეროვნულ მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს:
ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს, აგრეთვე, ორგანიზაციულ, ტექნიკურ და საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,
ბ) ოპერაციულ დონეზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი - ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის მართვისათვის, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები, ბ) ადგილობრივი საგანგებო შტაბი – ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის მართვისთვის, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მზადყოფნის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქმნის და აწარმოებს ერთიან საინფორმაციო ბანკს, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისა და ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების შესახებ, პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტის მონაცემები და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ვითარების ანალიზის მომზადებისათვის საჭირო ეროვნული სისტემის სუბიექტების ხელთ არსებული სხვა მონაცემები.კანონპროექტის თანახმად, მცირდება სახანძრო დაცვის სახეობები და ნაცვლად 5 სახისა იქმნება 3 სახის: ა) სახელმწიფო, ბ) საუწყებო და გ) კერძო.
მაისის დასაწყისში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის.
სრულად