ვინ განარისხა ციანიდის ღმერთი?

დაგეგმილი პროვოკაცია თუ მკვლელობის მომზადება - საზოგადოებაში მყარად იკიდებს ფეხს მოსაზრება, რომ მამა გიორგი მამალაძე პროვოკაციის, სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ვერაგული ჩანაფიქრის მსხვერპლი გახდა.
ეს ვერსია, გუშინ კიდევ უფრო გაამყარა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანელი დეტალი გაამჟღავნა ე.წ. „ციანიდის საქმიდან“...
„მამა გიორგის საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისათვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში.
მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგის ჩართულობა, როცა ის ეძებს ციანიდს“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„შემდეგ იწყება ჩართულობა, რომ ეს ციანიდი არა საპატრიარქოს გავლენიანი პირის დავალებით და ოქრომჭედლისათვის არის საჭირო, არამედ, საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისათვის. ეს არის ინტრიგა, სცენარი“, - აცხადებს მეუფე პეტრე.
სადამდე მივა ციანიდის სკანდალი?
შეგახსენებთ დეკანოზი მამალაძე ცოტა ხნის წინ აეროპორტში დააკავეს. პროკურატურამ განაცხადა რომ მამა გიორგი მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა.
გამოძიება ამტკიცებს რომ ჩხრეკისას, მამა გიორგის ბარგში, რომელიც მას 6 საათის შემდეგ მიუტანეს, მომწამლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა.
დაკავების მომენტში, მამა გიორგი გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა ნაღვლის ბუშტზე.
ბრალდება, თავდაპირველად, ამბობდა რომ დეკანოზი პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა, რასაც მხარი აუბეს პრემიერმა კვირიკაშვილმა და უმრავლესობის წევრებმაც
მათ, მღვდელს, ფაქტობრივად, უწმინდესის მკვლელობის მცდელობა დააბრალეს, რადგან ოფიციალურ ბრალში საუბარია არა სასულიერო პირის, მითუფრო პატრიარქის, არამედ „ერთერთი საერო პირის მკვლელობის მცდელობის შესახებ“.
შესაბამისად, სულ უფრო და უფრო მეტად მყარდება ეჭვი რომ მამა გიორგის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომლის მიზანი, არც მეტი, არც ნაკლები, საპატრიარქოში ერთგვარი გადატრიალების მოწყობა გახლდათ.
აი, რატომ დაიგეგმა ციანიდის საქმე?
საქმე ისაა რომ იმ მომენტში, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. მისი გარემოცვის აზრით, უწმინდესს, შესაძლოა, ოპერაცია ვერც კი გადაეტანა.
ღრმა ასაკის პარალელურად, სიტუაციას ამძიმებდა ნაღვლის ბუშტი, რომელზეც ოპერაციის გაკეთება გარდაუვალი გახდა...
სწორედ აქ წარმოიშვა კითხვა: ვინ იქნებოდა უწმინდესის მემკვიდრე, თუ ის...
უზარმაზარი ქონებისა და გავლენების გამო, ეს კითხვა, პოლიტიკურადაც კი, ძალიან მნიშვნელოვანია, არათუ სულიერად და ქრისტიანულად.
ამიტომ, არსებობს ვარაუდი, რომ „ვიღაც“ და ეს „ვიღაც“, შესაძლოა, ხელისუფლება იყოს, პატრიარქად მისთვის სასურველი კანდიდატის დასმას გეგმავდა.
თუმცა, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ის გავლენიანი ჯგუფი იყო, რომელსაც დეკანოზი მამალაძე, უწმინდესის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი და პატრიარქის ნათესავები წარმოადგენდნენ.
ამ ვერსიის მიხედვით, სწორედ ამიტომ დაიგეგმა ე.წ. ციანიდის სკანდალი.
წარმოიდგინეთ, ვინ დაუჭერდა მხარს იმ სასულიერო პირებს, რომელთა ერთერთი მთავარი წევრი „პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის“ დაკავებული მამა გიორგი იქნებოდა?
დიდი ალბათობით, წმინდა სინოდი ახალ პატრიარქს საზოგადოების თვალში დისკრედიტირებული გარემოცვიდან არ აირჩევდა. შესაბამისად, ის „ვიღაც“, ვინც ციანიდის სკანდალი დაგეგმა, პატრიარქად მისთვის სასურველ კადრს გაიყვანდა.
თუმცა, აქ, ყველასათვის მოულოდნელად, კვანძი გაიხსნა... ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა და რაც მთავარია - პატრიარქი გადარჩა.
უწმინდესმა, ოპერაციაც კარგად გადაიტანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა.
ე.წ. ციანიდის სკანდალის დამგეგმავებს კი, ხელში შერჩათ ჩაფლავებული საქმე, რომელიც ახლა მძიმე ტვირთად აწევთ და ცდილობენ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოაგვარონ...
P.S: დაკავებულ დეკანოზსს დღეს დაკითხავენ. მისი ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგის ჩვენება იმდენად სკანდალური იქნება რომ პროკურატურის მიერ შეთითხნილ ვერსიას თავდაყირა დააყენებს.
