მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ მფლობელი ხელოვნურ გაკოტრებაზე საუბრობს

სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას" მფლობელის ადვოკატი ბიზნესის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაზე ეჭვობს და აცხადებს, რომ ამაში ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები არიან დაინტერესებულები.
ადვოკატის ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელ „ჭიტას" თევდორე მღვდლის ქუჩაზე საწყობი გააჩნია, რომლითაც ის გარკვეული პერიოდი სარგებლობდა, თუმცა, ახლა საწყობის შესასვლელი გზა მოსაზღვრე ობიექტის მფლობელმა ჩაუკეტა, რის გამოც ბიზნესმენი მაღაზიას საახალწლოდ შემოტანილი პროდუქციით ვერ ამარაგებს. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს სათამაშოებით დატვირთული ახალი კონტეინერი ჩამოვიდა, თუმცა მას საწყობში ისევ არ უშვებენ.
„ფაქტია, რომ ვიღაც დგას ამის უკან. საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც თქვა, გზით სარგებლობის უფლება აქვს „ჭიტას”, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ორ კვირაში განიხილა მათი საჩივარი და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მისივე თქმით, იმ ობიექტის მფლობელის მიზანი „ჭიტას" საწყობის ხელში ჩაგდებაა.
