დავით ჯანდიერი: თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ჯანდიერი ამბობს, რომ როგორც დადასტურდა, თეა წულუკიანი მფარველობდა პაპუნა უგრეხელიძეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სააგენტო 'ინტერპრესნიუსი' ავრცელებს.
”ის ფაქტები, რომლებიც გახმაურდა, ერთადერთი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას უტოვებს ”ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის მინისტრი გადააყენონ თანამდებობიდან. როგორც დადასტურდა, ის მფარველობდა, რომ ეს ამბავი არ გამხდარიყო საჯარო. ის მფარველობდა პირს, რომელიც რეალურად სახალხო დამცველის მიერ არის მხილებული სექსუალურ შევიწროებაში. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, რომ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს წლების განმავლობაში მუდმივად ამხელდნენ შრომითი უფლებების დარღვევაში, არა ერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია ამის შესახებ მედიის მეშვეობით. ეს ყველაფერი არის მაგალითი იმის, რომ იუსტიციის სამინისტროში არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თანამშრომელს, თუ მინისტრისგან მფარველობა არ აქვს, ჩაგრავენ”, - თქვა ჯანდიერმა.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა, თქვა, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო.
ქალი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.
პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობდა.
ამ საკითხს 26 მარტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, დააკმაყოფილა.
სრულად
