მარკ ცუკერბერგი აშშ-ის კონგრესის წინაშე წარსდგება

სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, ფირმა Cambridge Analytica-ს საქმეზე კონგრესის წინაშე წარსდგება.
ეს ნიშნავს, რომ Facebook-თან დაკავშირებულ ყველაზე დიდ სკანდალზე დამფუძნებელი არა ბრიტანეთის პარლამენტის, არამედ ამერიკის კონგრესის წინაშე ისაუბრებს და არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუკერბერგმა ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლაზე უარი თქვა.
20 მარტს, Channel 4-მა გამოაქვეყნა Cambridge Analytica-ს შესახებ გამოძიების მესამე ნაწილი. მასში ნაჩვენებია კადრები, რომელზეც ალექსანდრ ნიქსი პოტენციურ კლიენტს ეუბნება, რომ კომპანიამ დონალდ ტრამპის შტაბისთვის გააკეთა „მთელი კამპანია ინტერნეტსა და ტელევიზიაში“ და რომ „მთელი სტრატეგია ეწყობოდა“ კომპანიის მონაცემებზე.
მანამდე, ტელეკომპანიამ აჩვენა კადრები, რომელზეც ნიქსი არჩევნებში გამარჯვებისათვის პროვოკაციების გამოყენებას უშვებს.
Facebook-ის განცხადებაში წერია, რომ სოცქსელმა კოგანის მიერ Cambridge Analytica-სა და Strategic Communication Laboratories-სთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, ჯერ კიდევ 2015 წელს იცოდა. მესამე პირისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა Facebook-ის პოლიტიკის ერთ-ერთი დარღვევაა.
კოგანის მიერ წარმოდგენილი აპლიკაცია, Facebook-ის პოსტების მიხედვით, მოხმარებლის პორტრეტებს ქმნიდა. გარდა ამისა, აპლიკაციას ჰქონდა წვდომა პირად მონაცემებზე და კონკრეტული ადამიანების ვირტუალურ სამეგობრო წრეზე.
18 მარტს, მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მსოფლიოს მედია საშუალებებში გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიაზე მუშაობდა. ამ მასალების თანახმად, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მილიონ მომხმარებელზე მონაცემები, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა. გარდა ამისა, ის პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწეოდა აშშ-ის კანონების დარღვევით, რადგან მის კომპანიაში ბევრი უცხოეთის მოქალაქე მუშაობდა.
Facebook-ის დამაფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.
