მარია გაბრიელი: ამაყი ვარ, საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხთან ერთად

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ძლიერი სიგნალი იყო საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ამის შესახებ ციფრული ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისივე თქმით, ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ საქართველო ევროკავშირის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
„აღსანიშნავია საქართველოსა და ქართველი ხალხის მონდომება, რათა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა მიეღო. მისასალმებელია ის ინსტიტუციური, კომპლექსური რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში გატარდა. ამ პროცესმა აჩვენა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ქართველი ხალხის სურვილი და ერთგულება იმ ღირებულებების მიმართ, რომლითაც ქვეყანა მიიწევს ევროკავშირისკენ. ეს ღირებულებებია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური ღირებულებები“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.
ევროკომისრის განცხადებით, საქართველოში გატარებული რეფორმების მთავარი ბენეფიციარი ქვეყნის მოსახლეობაა. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ხალხთა შორის კონტაქტს აძლიერებს და სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
„ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით. უვიზო მიმოსვლას აქვს ძალა, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შორის იყოს ხიდი. დღეს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ეს ხალხთა შორის კონტაქტს აძლიერებს. ეს არის სარგებელი საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ეს ხელს უწყობს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ეს არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირი და პოზიტიური გავლენა. კავშირების გაღრმავებას და გაძლიერებას შეუძლია ახალი შესაძლებლობები შექმნას საზოგადოებისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მარია გაბრიელმა.
ევროკომისარმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მთავარი მომხსენებელი იყო და განაცხადა, რომ ამაყია საქართველოს ხელისუფლებასთან და ხალხთან ერთად მიღწეული წარმატებით.
„მე, როგორც საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, მქონდა პატივი და პრივილეგია, ვყოფილიყავი მომსწრე იმის, თუ როგორი მიზანდასახული იყო ქართველი ხალხი. მინდა, დღეს ჩემი აღტაცება გამოვხატო. მე ვარ ამაყი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად შევძელით ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. ვიზალიბერალიზაცია არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად და უფრო მყარი ურთიერთობისთვის. ევროკავშირი ხსნის თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, 1 წლის განმავლობაში, უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. თითოეულმა მოქალაქემ საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა, შესაბამისად, დაფიქსირებულია საზღვრის 250 ათასზე მეტი კვეთა.
ამასთან, ერთი წლის განმავლობაში, შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს 1001 მოქალაქეს უთხრეს.
სრულად
