Header Ads

გოგონების 90% სოფელში ცხოვრებას არ აპირებს


“რაც არ უნდა კარგი პირობები მქონდეს, მაინც ქალაქში მირჩევნია დაოჯახება…”
დღესდღეობით საქართველოში იშვიათად შეხვდები ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდას, რომელიც სოფელში საცხოვრებლად გადაბარგებაზე ფიქრობს. უცნაურია, რომ რეგიონიდან ჩამოსული გოგონებიც არ აპირებენ იქ დაოჯახებას. ეს ყველაფერი, ალბათ, სოციალურ პირობებს უკავშირდება. ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ახლადშექმნილმა ოჯახმა იცხოვროს. წლების წინ ასე არ იყო, სოფელში ხალხი საკმაოდ კარგად და გამართულად ცხოვრობდა.
გაზეთმა “რეზონანსმა” მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რითაც დადასტურდა ფაქტი, რომ გოგონების უმეტესეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოფელში გათხოვება-დაოჯახებას. 50 გამოკითხულიდან 90% დედაქალაქში დაფუძნებას აპირებს და რაიონისკენ გახედვაც არ უნდა. ისინი ამბობენ, რომ სოფელში არასდროს გადავლენ საცხოვრებლად, როგორც არ უნდა უყვარდეთ მეორე ნახევარი.
“4 წელია შეყვარებული მყავს. ის კახეთის ერთ-ერთი რეგიონიდან არის და სამწუხაროდ, თბილისში ბინა არ აქვს. აქედან გამომდინარე, დაქორწინებაზე თავს ვიკავებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ სოფელში ვერ ვიცხოვრებ. თბილისში დავიბადე, გავიზარდე და შეუძლებელია იქაურობის მოვლა-პატრონობა შევძლო. ჩემი სადედამთილო კი ამ ფაქტს ძალიან ადვილად უყურებს. ამბობს, იქ არაფერი მომაკლდება და ყველანაირად ხელს შემიწყობს.
ჩემი მშობლები ეწინააღმდეგებიან, იმის გაგონებაც არ უნდათ, რომ მათი ერთადერთი ქალიშვილი სოფელში გადაცხოვრდეს. თანაც უნივერსიტეტში ვსწავლობ, მესამე კურსზე ვარ. როგორ შევძლებ იქედან ყოველდღე სიარულს? ჩემს მომავალ მეუღლეს კი იმის საშუალება არ აქვს თბილისში იქირავოს ბინა”, – განუცხადა “რეზონანსს” თიკო დუმბაძემ.
იგივე აზრს იზიარებენ რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც. არც ისინი აპირებენ სოფელში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება იქ აქვთ გატარებული.
“2 წელია დედაქალაქში ვცხოვრობ, სოფელი ზესტაფონში მაქვს. ხშირად დავდივარ, მიყვარს იქაურობა, მაგრამ დღეს რომ მითხრან სოფელში გათხოვდიო, დაუფიქრებლად ვუპასუხებ – არას. ახლა ნამდვილად ვერ შევძლებ სოფელში დაბრუნებას. ჩემი თანატოლები ხშირად დამციანიან ამას რომ ვამბობ. უკვირთ, სოფელში გაზრდილმა გოგომ როგორ ვერ უნდა ვიცხოვრო იქ. რაც არ უნდა კარგი პირობები მქონდეს, მაინც ქალაქში მირჩევნია დაოჯახება, რადგან სოფელში ყველაფერს მოწყვეტილი ხარ – გართობას, მეგობრებს და მხოლოდ შვილების გაზრდით ხარ დაკავებული”, – თქვა ანანო გურგენიძემ.
უკვე რეგიონში დაფუძნებული ქალბატონების შეხედულება კი რადიკალურად განსხვებულია. ნინო ლეჟავა უკვე 15 წელია ხონში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში დაიბადა, გაიზარდა და სკოლაც დედაქალაქში დაამთავრა. შემდეგ ერთი ბიჭი თავდავიწყებით შეუყვარდა, დაუფიქრებლად გაჰყვა ცოლად და ახლა სოფელში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.
“ჩემი მეუღლე ისე მიყვარს, არც დავფიქრებულვარ, რომ სოფელში უნდა გადავსულიყავი თუ არა საცხოვრებლად. სიმართლე უნდა ვთქვა, არაფერია ამაში ძნელი. ძალიან კარგი დიასახლისი ვარ. თავიდან გამიჭირდებოდა მეგონა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ვისწავლე. ახლა იმასაც ვფიქრობ, შვილები რომ სკოლას დაამთავრებენ და თბილისში გავუშვებ სასწავლებლად, ალბათ, მე ვერ გავყვები მათ.
ვეღარ შევძლებ დედაქალაქში ცხოვრებას ისე მივეჩვიე აქაურობას. დედამთილთან თავიდან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, არაფერი ვიცოდი, შემდეგ ყველაფერი ვისწავლე და ახლა სოფელში ერთ-ერთი მისაბაძი რძალი ვარ”, – განაცხადა ნინო ლეჟავამ.
გაზეთმა “რეზონანსმა” რეგიონებში მცხოვრებ მამაკაცებსაც ჰკითხა აზრი, უნდათ თუ არა ქალაქელი მეუღლე.
“ერით გოგონა მომწონდა და ძალიანაც მიყვარდა. მაშინ თბილისში ვცხოვრობდი, შემდეგ კი, ოჯახური პირობების გამო, სოფელში მომიწია დაბრუნება. იმ გოგონამ ეს რომ გაიგო, მაშინვე დამშორდა – სოფელში ვერ შევძლებ ცხოვრებასო. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ჩემი ცოლი ქალაქელი იქნება, თუ რომელიმე რეგიონიდან. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და არაფერია უცნაური.
ბევრი ისეთი ქალიც მინახავს მთელი ცხოვრება სოფელში აქვს გატარებული და არაფერის კეთება არ იცის. ბევრი ქალაქელია, მაგრამ უამრავი საქმის კეთება შეუძლია. დედაჩემს ძალიან უნდა ქალაქელი რძალი, ხშირად ამბობს, ქალაქელები უფრო მშრომელი ხალხიაო, – აღნიშნა აკაკი ერაძემ.
ქალბატონები, რომლებიც 30 წელს არიან გადაცილებულნი, თამამად პასუხობენ კითხვას სოფელში დაოჯახების თაობაზე. ისინი დაუფიქრებლად ამბობენ, რომ სოფელში გათხოვება პრობლემა არ არის.
“ალბათ ასაკის ბრალია. 21-22 წლის რომ ვიყავი, გავიძახოდი რა გამათხოვებს სოფელში-თქო. ახლა კი ვფიქრობ, სოფლად საცხოვრებლად გადასვლა საერთოდ არ არის პრობლემა. სადღა არიან ქალაქში ისეთი მამაკაცები, ვინც ქალის პატივისცემა იცის. რეგიონებში მცხოვრები კაცები უფრო თავაზიანები და ყურადღებიანები არიან. მათ არც შრომა ეთაკილებათ და ოჯახის ყადრიც იციან. ხშირად ვიწუნებდი კარგ ბიჭებს სოფლიდან და ახლა უკვე 32 წლის ვარ, ჯერაც დასაოჯახებელი”, – განაცხადა ნინო ბახტაძემ.
“რეზონანსი” რამდენიმე ისეთ ახალგაზრდასაც გადააწყდა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს სოფელში გათხოვება და ზუსტად იცის, რომ ეს მისთვის ძალიან კარგი იქნება. უკეთესად შეძლებს შვილების აღზრდასაც.
“22 წლის ვარ. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ქალაქში მინდა გათხოვება. ზუსტად ვიცი, რომ სოფელში უნდა გავთხოვდე. იქ მართლაც კარგია ცხოვრება, უფრო მშვიდი ხდები ადამიანი და შეგიძლია შრომით მიაღწიო წარმატებას. შვილებსაც უფრო მეტი ყურადღება მიაქციო და შეძლო მათი ღირსეულად აღზრდა.
სოფელს კიდევ ერთი დადებითი მხარეს აქვს, შეგიძლია მიირთვა ყველაფერი ნატურალური, რაც ჯამრთელობას უწყობს ხელს. ამიტომ თუ ნამდვილად შემიყვარდება სოფლელი ბიჭი, დაუფიქრებლად გავყვები ცოლად”, – აღნიშნა “რეზონასთან” საუბრისას ნინი ალადაშვილმა.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.