ჰიტლერის საიდუმლო ვნებები - ვინ იყო ქალი, რომელმაც ფიურერის გამოსიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ნაციონალ-სოციალიზმის მრავალი თაყვანისმცემლის თვალში, ჰიტლერი გერმანიის აღორძინების სიდიადეს განასახიერებდა. თავისი სახალხო გამოსვლებით, ის მესამე რაიხის გარეთაც ახერხებდა მხარდამჭერთა რიგების შევსებას. ცნობილია, რომ გერმანელ ქალებს მისი სახელის გაგონებაზეც ექსტაზი ეუფლებოდათ, მაგრამ ამგვარ მდგომარეობაში ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც აღმოჩენილა, მათ შორის, ყველაზე ნათელი მაგალითი - ინგლისელი იუნიტი მიტფორდი იყო...
ბოროტებით მოხიბლული
იუნიტი ვალკირია მიტფორდი 1914 წელს, ინგლისის პერის, ლორდი რიდსდეილის ოჯახში დაიბადა. დედამისი სერ უინსტონ ჩერჩილის ცოლის ბიძაშვილი გახლდათ. მაშინდელი ტრადიციების შესაბამისად, იუნიტიმ (ისევე, როგორც მისმა ხუთმა დამ) განათლება ოჯახურ პირობებში, ასტჰოლის საგვარეულო მამულში მიიღო. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ეს წარჩინებული ოჯახის ქალიშვილის დასაოჯახებლად სავსებით საკმარისი იყო. მართალია, მათი სამი ქალიშვილი არისტოკრატიული ცხოვრების წესებს სავსებით მიესადაგა, მაგრამ დანარჩენმა სამეულმა მოულოდნელად, პოლიტიკისადმი ინტერესი გამოიჩინა. ჯესიკამ და დიანამ მოულოდნელად, საკუთარ თავში დიამეტრულად საწინააღმდეგო პოლიტიკური მიმდინარეობების მიმართ სიმპათიები აღმოაჩინეს; იმდენად, რომ საკუთარი ოთახი ცარცით შუაზე გახაზეს: ერთ მხარეს - ჯესიკას ნაწილში, კედელზე წითელი დროშები და ნამგალ-ჩაქუჩი გამოიფინა, მარქსის, ენგელსისა და ლენინის სურათებით აჭრელდა; მეორე მხარეს კი - ნიცშეს, ჰიტლერისა და მესამე რაიხის ცნობილი მოღვაწეების სურათები და ნაცისტური სვასტიკით გაფორმებული წითელი დროშები გაჩნდა. დიანას საქციელის ახსნა იმით იყო შესაძლებელი, რომ ის ბრიტანელი ფაშისტების ლიდერზე - ოსვალდ მოსლიზე ქორწინდებოდა. იუნიტი კი მაშინაც, როცა ლედი გახდა, მოზარდივით იქცეოდა. მაღალი წრის წვეულებებზე შეუფერებლად, უცნაურად ჩაცმული ჩნდებოდა და არაადეკვატურად იქცეოდა. მამამისს ფრთხილად ურჩიეს კიდეც, რომ ქალიშვილი ექიმისთვის ეჩვენებინა.
ახდენილი ოცნება
ადოლფ ჰიტლერთან პირად შეხვედრაზე იუნიტი დიდხანს ოცნებობდა. კერპის ხილვის სურვილი იდეა ფიქსად ექცა. ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ 1933 წელს მიეცა, როცა ოსვალდ მოსლის დახმარებით, ის ბრიტანელი ახალგაზრდების დელეგაციაში შეიყვანეს, რომელიც ნიურნბერგში, ნაცისტების ყრილობაზე იყო მიწვეული. ქალიშვილი სამშობლოში წინააღმდეგობრივი გრძნობებით დაბრუნდა. ერთი მხრივ, ბედნიერი იყო, რომ ცოცხალი ფიურერი იხილა - ის იმ ეგზალტირებულ ბრბოში აღმოჩნდა, რომელიც ჰიტლერის გამოსვლაზე აღტაცებით რეაგირებდა; და მეორე მხრივ - მას არ მიეცა საშუალება, კორდონი გაერღვია და ერთხელ მაინც შეხებოდა საკუთარი ღვთაების ყავისფერ პერანგს. ახალგაზრდა ქალის სულში ნაღველს ამძაფრებდა ის ფაქტიც, რომ მისი თანამემამულეების უმეტესი ნაწილი არა მარტო არ იზიარებდა იუნიტის ამგვარ აღტაცებას, არამედ უფრო მეტიც - ჰიტლერს პოლიტიკურ არენაზე გამოსულ მასხარადაც აღიქვამდა. ქალიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნებულიყო გერმანიაში. განაგრძეთ კითხვა