სექსუალური ექსპლუატაციის სკანდალური ფაქტი თბილისში - რას ჰყვება დაზარალებული?

რას ჰყვება დაზარალებული, რომელსაც დანაშაულებრივი ჯგუფი პროსტიტუციის გზით ფულის გამომუშავებას აიძულებდა, შემდეგ კი მთელ თანხას თავად ითვისებდა?
„პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი დაზარალებული, ანონიმურობის დაცვის გარანტიით, სექსუალური ექსპლუატაციის დეტალებს უმხელს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 2017 წლის 3 აპრილს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა საქმე აღძრა საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე. ირკვევა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ხათუნა ჯ-მ გასულის წლის ზაფხულში გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის გზაზე ბარის ტიპის ფართი იქირავა და თავის მეგობარ მამაკაცთან, თეიმურაზ ნ-თან ერთად ადამიანებით ვაჭრობის ორგანიზებული გეგმა შეიმუშავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ამ მიზნით მათ მინიმუმ სამ ქალბატონს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და აიძულებდნენ, ბარის კლიენტებისთვის სხვადასხვა სახის სექსუალური მომსახურება გაეწიათ.
მაგალითად, ერთ-ერთი დაზარალებული ჩ.ს. ჰყვება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა ერთი წლის წინათ ბარში მოტყუებით მიიყვანა და დაპირებული სამუშაოს ნაცვლად სექსმუშაკობა შესთავაზა. დაზარალებული ამბობს, რომ ხათუნა ჯ. და თეიმურაზ ნ. მათ მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ამყოფებდნენ.
მაგალითად, ერთ-ერთი დაზარალებული ჩ.ს. ჰყვება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა ერთი წლის წინათ ბარში მოტყუებით მიიყვანა და დაპირებული სამუშაოს ნაცვლად სექსმუშაკობა შესთავაზა. დაზარალებული ამბობს, რომ ხათუნა ჯ. და თეიმურაზ ნ. მათ მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ამყოფებდნენ.
„ჩემ გარდა, იქ სხვა ქალებიც ასე ჰყავდათ გამოკეტილი. ამავე პერიოდში მოიყვანეს მ.ს. და შ.შ. 2017 წლის მაისამდე ჩვენზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიურ ძალადობა და მუქარა. გვამყოფებდნენ გაუსაძლის, მონურ პირობებში. გვეუბნებოდნენ, რომ სექსუალური მომსახურება გაგვეწია ბარის კლიენტებისთვის. ამას ჩვენ ჩვენი სურვილით ნამდვილად არ ვაკეთებდით, რადგან მუდმივად იყო მუქარა, რომ, თუ ამას არ გავაკეთებდით, სიცოცხლეს მოგვისწრაფებდნენ. აბა, სხვა რაღაა სექსუალურ ექსპლუატაცია?! გამოკეტილი ვყავდით ოთახებში და მთლიანად ისაკუთრებდნენ კლიენტების მიერ ჩვენთვის გადახდილ თანხებს“, – ყვება დაზარალებული.
მისივე მონაყოლით ირკვევა, რომ ხათუნა ჯ. დაზარალებულებს მათი ნების საწინააღმდეგოდ მუდმივად აკისრებდა სხვადასხვა სახის არარეალურ ვალებს, ხოლო შემდგომ თითქოსდა აღნიშნული ვალების დაფარვის მიზნით, აიძულებდა მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნას და მის სასარგებლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას, შედეგად კი ისაკუთრებდა მიღებულ თანხებს.
„ის მუდმივად აკონტროლებდა ბარის ტერიტორიას, ასევე, როგორ ვემსახურებოდით კლიენტებს, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე პრეტენზია ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენ მთლიანად შეზღუდული გვქონდა გადაადგილება, არ გვაძლევდნენ ბარის გარეთ გასვლის საშუალებას მათი უშუალო მეთვალყურეობის გარეშე. ასეთ მეთვალყურეობას ახდენდა თემო (თეიმურაზ ნ – მეორე ბრალდებული), რომელიც, ამასთანავე, იყო ტაქსის მძღოლი. მას თავისი მანქანით გადავყავდით კლიენტებთან და იქაც მუდმივად გვაკონტროლებდა, რომ არ გავქცეულიყავით, ან პოლიციისთვის არ მიგვემართა. ანუ ეს თემო უზრუნველყოფდა, რომ არ მომხდარიყო თავისუფალი გადაადგილება. მომსახურების გაწევის შემდეგ ის თავისი მანქანით გვაბრუნებდა უკან ბარში, ხათუნასთან. გაგიკვირდებათ და ტაქსის ფულსაც ჩვენ გვახდევინებდნენ, თემოს გარდა, სხვა ტაქსით გადაადგილება არ შეგვეძლო“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი დაზარალებული.
კრიმინალურმა პოლიციამ ხათუნა ჯ. და თეიმურაზ ნ. 2017 წლის 18 მაისს დააპატიმრა. მათ ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი), ანუ მოტყუებით ადამიანის გადაბირებას, შეფარებასა და მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვე, ადამიანის სექსუალურ ექსპლოატაციას ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, იძულებით, დაშინებითა და მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
ამჟამად ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. არც პროკურატურა და არც ბრალდებულების ადვოკატები ამ საქმეზე არ საუბრობენ. მხარეები ამჟამად ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპს გადიან, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
აქვე მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეს არ გახლავთ სექსუალური ექსპლუატაციის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკიორი დააპატიმრა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ, ასევე, რამდენიმე თვის წინ სამართალდამცავებმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს შუახნის ქალი, რომელიც ამ ტერიტორიაზე პროსტიტუციის არალეგალურ ბიზნესს აკონტროლებდა. ირკვევა, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სადგურის მოედანზე პროსტიტუციით დაკავებულ ქალებს სისტემატურად სძალავდა თანხებს.