„ევროპული საქართველო“ კანაფის სწორი ფორმით ლეგალიზებას ემხრობა

ჩვენ მომხრე ვართ მარიხუანის სწორი ფორმით ლეგალიზების. ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კანაფის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო 'ინტერპრესნიუსი' ავრცელებს.
„აუცილებელია სახელმწიფომ ორგანიზებულ დანაშაულს მარიხუანის ბრუნვისგან მიღებული დაახლოებით 150 მილიონი ლარი წაართვას. დღეს ეს თანხა ორგანიზებული დანაშაულის ხელში, საზოგადოებას მძიმედ გვიბრუნდება. არ შეიძლება ერთი ფულს შოულობდეს და მეორე ადამიანს იჭერდე. მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური და მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული, შესაბამისად, ასე ჩვენ ავიცილებთ ბევრ ფატალურ შემთხვევას, რასაც სამწუხაროდ ყოველდღიურად, არალეგალური ნარკოტიკების უკონტროლო მოხმარების შედეგად ვხედავთ. წარდგენილი კანონპროექტი მხოლოდ ეკონომიკასა და რაღაც ვირტუალურ სარგებელზეა, ჩვენ კი გვჭირდება ნარკოპოლიტიკის შეცვლა, მისი ლიბერალიზაცია, რასაც „ევროპული საქართველო“ აუცილებლად გააკეთებს“, - განაცხადა უგულავამ.
11 სექტემბერს, შსს-ში განაცხადეს, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
წყარო