ვეფხია ბაქრაძე მცირეწლოვანს დედის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდა პროკურორი
25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის მცირეწლოვან შვილს სთავაზობდა. აღნიშნული ინფორმაცია საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა დაადასტურა.
„აღნიშნულის შესახებ დადასტურდა მოწმეთა დაკითხვებით, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით, მცირეწლოვანმაც ისაუბრა, აცხადებს შაიშმელაშვილი.
მისი განმარტებით, დღეს დაკითხულმა მცირეწლოვანმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული სწორად აღიქვა და სასამართლოსაც სწორი ჩვენება მიაწოდა.
დაიკითხა არასრულწოვანი, გარდაცვლილის შვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩადენილ მკვლელობას და დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ბრალდებულმა ის. ამავდროულად, დაიკითხა ორი ფსიქოლოგი. ერთი ფსიქოლოგი პირველი გამოკითხვის დროს ესწრებოდა არასრულწლოვანის ჩვენებას, მეორე ფსიქოლოგმა არასრულწლოვანთან ჩადენილი დანაშაულის შემდეგ იმუშავა და შეაფასა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით და მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანმა სწორად აღიქვა მოვლენები და შესაბამისად, სწორად გადმოსცა სასამართლოზე. ორივე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, როცა თავისი დედის მკვლელობას შეესწრო, აცხადებს პროკურორი.
საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა. ვეფხვია ბაქრაძეს, გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში.