არქიტექტორი ავლაბრის რეზიდენციაში...

არქიტექტორი ლევან ლომინაშვილი ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის სამომავლო ფუნქციასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ორი გზა არსებობს: 1. თუ ინვესტორი გამოჩნდება – გაიყიდოს, 2. მთავრობის ადმინისტრაცია გადავიდეს პრეზიდენტის რეზიდენციაში და კანცელარიის შენობა გაიყიდოს. ამის შესახებ ლევან ლომინაშვილმა ‘იმედი LIVE’-თან სტუმრობის დროს თქვა.
არქიტექტორი ფიქრობს, რომ კანცელარიის შენობის სასტუმროდ გადაკეთება მარტივია. მისი შეფასებით, ე.წ. სამთავრობო კვარტალის არსებობაზე აზროვნება მე-18 – მე-19 საუკუნისდროინდელია. ის დასძენს, რომ დღეს ძალაუფლება ერთ ადგილზე კონცენტრირებული არ არის, არამედ პირიქით, ის უხილავი და ექსტრავერტულია.
‘ეს შენობა (მთავრობის ადმინისტრაციის) არამხოლოდ მორალურად მოძველდა, არამედ ინფრასტრუქტურის თვალსაზრითაც ძველია. უზარმაზარი კორიდორები, უზარმაზარი კაბინეტები, რომლებიც არავის სჭირდება. ასე რომ ძალიან არარაციონალურია’, – თქვა არქიტექტორმა ლევან ლომინაშვილმა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობები ისეა ნაგები, რომ მათი ადაპტირება და მათთვის ფუნქციის შეცვლა ძალიან რთულია:
‘ამ შენობებს არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ აქვთ. უბრალოდ გადაყრილია ფული ცერემონიალური მიზნებისთვის. ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის, შეინახო გაურკვეველი ცერემონიებისთვის ამხელა ნაგებობა, რომელიც წელიწადში რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება, სრულიად გაუმართლებელია’, – თქვა არქიტექტორმა ლევან ლომინაშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, 17 დეკემბრიდან ათონელის 25-ში შეუდგება, რომელიც ორბელიანებს ეკუთვნოდა.
ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო ბედთან დაკავშირებით, სიუჟეტი ‘იმედის კვირამაც’ მოამზდა.
