Header Ads

მიწავაშლა - აუცილებელი პროდუქტი, როცა დიდ ქალაქში ცხოვრობთ



ტოპინამბური, ანუ მიწავაშლა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მისი სიმაღლე მეტრანახევრიდან ოთხ მეტრამდე მერყეობს, სწორი ღერძით, ოვალური ფოთლებითა და ყვითელი ყვავილებით. ბოლქვები შეიძლება ჰქონდეს თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი ან წითელი. ბოლქვების რბილობი წვნიანია, სასიამოვნო, მოტკბო გემოთი.

რა მცენარეა მიწავაშლა?

მცენარის დასახელება ჩილელი ინდიელების ერთ-ერთი ტომისგან - ტოპინამბოებისგან - მომდინარეობს. ამ ტომს მიწავაშლა ისეთი რუდუნებით მოჰყავდა, როგორც ჩვენ ახლა კარტოფილი მოგვყავს. ზოგადად, მიწავაშლა ამ უკანასკნელს ძალიან ჰგავს. ისევე, როგორც ტოპინამბურის, კარტოფილის ბოლქვებიც სხვადასხვა ფერისა და გემოსია.

სინამდვილეში, მიწავაშლა სულაც არ გახლავთ კარტოფილის ნათესავი. ამ მხრივ იგი მზესუმზირას უახლოვდება. ყაზახები მიწავაშლას ჩინურ კარტოფილს უწოდებენ, რადგან მათთან ეს კულტურა ჩინეთიდან მოხვდა. ზოგადად, მცენარე მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, რაც მის უპრეტენზიობას უნდა მივაწეროთ. იგი ადვილად ეგუება როგორც მშრალ, ასევე ნოტიო ნიადაგს. კარტოფილისგან განსხვავებით, სასუქს არ ითხოვს. მცენარე საუკეთესო ნაყოფს პირველი ოთხი წლის მანძილზე იძლევა. თბილისის ბაზრებში მიწავაშლას მოძებნა რთული არ გახლავთ - კილოგრამის ფასი 3-4 ლარია.


სასარგებლო თვისებები

ტოპინამბურის შემადგენლობის შესწავლისას მეცნიერები სახტად დარჩნენ იმ მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით, რაც მცენარის შემადგენლობაში შედის. რკინის შემცველობის მხრივ, ტოპინამბური საგრძნობლად უსწრებს სტაფილოს, კარტოფილს, თალგამს, ჭარხალს და სხვა „მიწისქვეშა' კულტურებს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფტორი, ქრომი და სხვა მინერალები.

მიწავაშლა შეიცავს უჯრედისს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ამინომჟავებს (არგინინი, ვალინი, ლიზინი, ლეიცინი), ასევე ვიტამინებს: В1, В2, В6, С, РР-სა და კაროტინოიდებს. 1 კილოგრამ მიწავაშლაში 60-70 მილიგრამი კაროტინი მოიპოვება.

თუმცა, ჯერ ტოპინამბურის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება არ დაგვისახელებია - მისი ბოლქვები მდიდარია ინსულინის ბუნებრივი ანალოგით - ინულინით. ამის გამო შეუცვლელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

მიწავაშლა ჩინებულად შველის ნიკრისის ქარებს (პოდაგრა), შარდკენჭოვან დაავადებებს, ანემიას, მარილების დაგროვებას, გაცხიმოვნებას. მისი ნახარში სისხლში შაქრის შემცველობას აქვეითებს, არეგულირებს წნევას, უმატებს ჰემოგლობინს, დადებითად მოქმედებს კუჭუკანა ჯირკვალზე. მისი რაციონში შეტანა აუცილებელია დიდი ქალაქებისა და არაკეთილსაიმედო ეკოლოგიური მდგომარეობის მქონე ზონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან მას გარემოს ზიანისმომგვრელი ზემოქმედების განეიტრალება შეუძლია. მიწავაშლა ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალებს, ტოქსინებს, რადიონუკლიდებსა და ჭარბ ქოლესტერინს. მისი ეს ანტიოქსიდური ეფექტი განპირობებულია ინულინისა და უჯრედისის ერთობლივი მოქმედების წყალობით.


ყველაზე სასარგებლოა შემოდგომაზე, ახალთახალი ბოლქვები, რადგან შენახვის პროცესში ინულინის ნაწილი ჰიდროლიზის მეშვეობით ფრუქტოზად გარდაიქმნება.

თუმცა, დიაბეტიანებისთვის არც ესაა ცუდი - ფრუქტოზა კვებაში შაქარს ცვლის. ნახშირწყლების რაოდენობით, ტოპინამბური უსწრებს შაქრის ჭარხალსა და შაქრის ლერწამს. 100 კგ. მიწავაშლასგან 10 კგ-მდე ფრუქტოზა მიიღება.

გარდა მარილების გამოდევნის, ინსულტისა და ჰიპერტონიის მკურნალობის, ძალების აღდგენისა, მიწავაშლას ტუბერკულოზის, ცისტიტის, ლეიკოზის, პიელონეფრიტის დროს იყენებენ. საუკეთესოა მისი საკვებად გამოყენება, ისევე, როგორც კარტოფილისა: მოხარშულის და შემწვარის.

ჩვენი წინაპრები მიწავაშლას კოსმეტიკურ საშუალებად იყენებდნენ: იგი საოცარ ეფექტს იძლევა ნაოჭებთან ბრძოლაში. ასევე, ოსტეოქონდროზის, ართრიტისა და მარილების დაგროვებისას, ძალზე სასარგებლოა მიწავაშლას ფოთლები.

მიწავაშლას უკუჩვენებები

უნდა აღინიშნოს, რომ მიწავაშლას, როგორც სასარგებლო, ისევე მავნე თვისებები ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შესწავლილი. მაგრამ, დღესდღეობით მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არარსებობის პირობებში, პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა.

გარდა ამისა, ექიმები უმი ტოპინამბურის გამოყენების შეზღუდვის მომხრენი არიან მეტეორიზმის შემთხვევაში, რადგან გარკვეული დოზით შებერილობას იწვევს.

უფრო მეტიც - მიუხედავად მიწავაშლას უამრავი დადებითი თვისებისა, მაქსიმალური დადებითი ეფექტის მისაღწევად, დიეტოლოგები მის გამოყენებას დაბალანსებული კვების პირობებში გვირჩევენ, რათა საკუთარ ჯანმრთელობას მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ.

დასახელებული პროდუქტის სამკურნალო მიზნით გამოყენების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, მიმართოთ სპეციალისტს.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.