ვინ იყო ბიჭი, რომელიც გორში ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა?
24-წლის ბიჭი, რომელიც სახის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად, გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბათუმელი მურმან სურმანიძეა. ის ახალგაზრდებს შორის, ჯერ კიდევ, ერთი თვის წინ დაწყებულ უთანხმოებას შეეწირა.
ერთი შეხედვით, დაპირისპირების მიზეზი, სრულიად უმნიშვნელოა, თუმცა კაჩინსკების ქუჩაზე დატრიალებული ამბავი საბედისწერო აღმოჩნდა.
როგორც ირკვევა, მასსა და ბრალდებულ, 20-წლის ნოდარ თ-ს შორის, უთანხმოება ერთი თვით წინ გაჩნდა. "სხვისი ტელეფონით გაშვებულ ზარზე მურმანს უპასუხია, რასაც მოჰყვა იმის გარკვევა, თუ რატომ უპასუხა ტელეფონს მან. ჩამოვალ გორში ერთ თვეში და შევხვდეთო, უთქვამს მურმან სურმანიძეს" - ეს არის ტრაგედიის მიზეზებს შორის ერთი მცირე დეტალი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელმა განუცხადა.
ბრალდებულის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. მისი ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს. გორის სასამართლო კი, სახელმწიფო ბრალდების, პროკურატურის პოზიციას ასაიდუმლოებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ასაიდუმლოებენ.