ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ქუთაისი-ვარშავის რეისი ბუქარესტის აეროპორტში დაეშვა

ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა. თვითმფრინავში სულ 173 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები და გამნაღმველები. თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა. გავრცელებული ცნობით, ბომბის შესახებ შეტყობინება ქუთაისის აეროპორტში შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო.
წყარო