ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ერ-რიადს ახალ გამოწვევას უგზავნიან

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია საუდის არაბეთისგან მოითხოვს, რომ რაც შეიძლება დროულად განმარტოს ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის დეტალები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროპული ქვეყნის ერთიანი განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა მტკიცებულებებითა და ფაქტებით უნდა გაამყაროს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი 'პირველივე ჩხუბში' მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ქვეყნები მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს შეკითხვებს პასუხი და ითქვას, თუ კონკრეტულად რა და როგორ მოხდა 2 ოქტომბერს. ისინი საუდის არაბეთს გამოძიების მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
'ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გამოძიება დეტალურად განხორციელდეს და გამოვლინდნენ ზუსტი დამნაშავეები, რომლებიც სათანადოდ აგებენ კანონის წინაშე პასუხს. ჩვენ საუდელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ', - წერია ევროპული ქვეყნების განცხადებაში.
ცნობილია, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის ვერსიით უკმაყოფილოა. ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებთან ამ თემაზე საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. პრეზიდენტის განმარტებით, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
მანამდე საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული.
საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოს შენობაში შევიდა, მასსა და დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა.
საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა. ჯამალ ჰაშაღის საქმეზე მწვავე განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. დიდი შვიდეული სამიტზე კი ევროპელმა ლიდერებმა ერ-რიადს, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამჭირვალე და დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.
წყარო