კანონპროექტი: ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე...

პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილების მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი გათანაბრდება. ინფორმაციას სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი’ ავრცელებს.
ცვლილებების მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ერთი განაკვეთი განისაზღვრება, რომელიც 20 ღერზე 1.7 ლარიი ქნება.
ცვლილების განმარტებითი ბარათის თანახმად, უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, რომელიც ახალი განაკვეთით დაიბეგრება, იქნება 40 მილიონ კოლოფამდე, რაც სხვაობის გათვალისწინებით 45 მილიონი ლარის დამატებით შემოსავალს იძლევა. ‘გაანგარიშება გაკეთებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. სხვა არსებითი გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ იქნება’, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს ეკუთვნის.
როგორც გასულ კვირაში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში აღარ იარსებებს ის ჩანაცვლებული ეფექტი, რომ ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე გადავიდნენ, რადგან ის უფრო იაფია. მისი თქმით, 2024 წლამდე აქციზი მთლიანი ფასის 60% უნდა გახდეს, როცა დღეს 40%-ს არ აღემატება.
2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, 2015 წელს 25.6 მილიონ უფილტრო სიგარეტის კოლოფზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს 79 მილიონზე, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემების მიხედვით, უფილტრო სიგარეტის კოლოფებზე უკვე 40 მილიონი აქციზური მარკაა გაცემული.
სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ რაც აქციზის საფასური გაძვირდა, ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება შემცირდა. კერძოდ, 2014-15 წლებში 450-460 მილიონი ფილტრიანი სიგარეტის კოლოფიდან რაოდენობა 2017 წელს 318 მილიონ კოლოფამდე შემცირდა.
