ილია მეორემ თელავის აღდგომის სახელობის...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თელავის აღდგომის სახელობის ტაძარი მოილოცა და შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები დალოცა.
პატრიარქს თან ახლდა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ტაძარი დაახლოებით ორი წლის წინ იკურთხა. ის ადგილობრივი ბიზნესმენის დაფინანსებით აშენდა.
ილია მეორე კახეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ის წინანდლის რეზიდენციას სტუმრობს.
უკვე ცნობილია, რომ ილია მეორე 16 დეკემბერს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება.
ხვალ დილიდან თელავის ცენტრში გადაადგილება შეიზღუდება. ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კი მოწვეული სტუმრები წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება დაიწყება.
ხვალ თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები , მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.
ინაუგურაციის დღეს სტუმრები ანსამბლ „რუსთავის“, „ერისიონისა“ და ქართული ხმების შესრულებით კახურ მრავალჟამიერსაც მოისმენენ. აჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.