მეცნიერებმა ტვინის გაახალგაზრდავების...

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხანდაზმულობის ასაკში კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებისგან დაიცავს ტვინს და ამასთან ‘გაახალგაზრდავებს’ მას. კვლევის შესახებ ინფორმაცია Neurology-ში გამოქვეყნდა.
სამეცნიერო ჯგუფმა კვლევა 160 ადამიანზე ჩაატარა, რომელთა ასაკიც 55 წელზე მეტი იყო. ყველა მათგანი კონცენტრირებასთან, მეხსიერებასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემას უჩიოდა, ასევე ისინი ძირითადად ცხოვრების მჯდომიარე წესს ეწეოდნენ. თუმცა არცერთ მათგანს დემენციის პრობლემა არ ჰქონია.
კვლევის მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყვეს. ნახევარი წლის განმავლობაში ერთი ჯგუფი კვირაში სამჯერ აერობიკით დააკავეს, მეორე ჯგუფი DASH-ის დიეტის მიხედვით იკვებებოდა, რომელსაც ძირითადად მაღალი არტერიული წნევის დროს ნიშნავენ ხოლმე, მესამე ჯგუფი ვარჯიშობდა და დიეტაზეც იყო, მეოთხე ჯგუფი კი საკონტროლოდ დატოვეს.
ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევი პირველი ჯგუფისთვის იყო, მათ შემდეგ კი კოგნიტური ფუნქციები დიეტასა და ვარჯიშის ერთად განმახორციელებელ ჯგუფს გაუუმჯობესდა. ამასთან, მეოთხე – საკონტროლო ჯგუფში შემავალ ადამიანებს ტვინის მუშაობის გაუარესების პროგრესი შეინიშნებოდა.
კვლევის შემდეგ, მონაწილეებმა ნებაყოფლობითი ტესტები გაიარეს, რომლითაც გაირკვა, რომ ექსპერიმენტის შემდეგ მათი კოგნიტური ფუნქციები გაუმჯობესდა, ხოლო ტვინის ‘საშუალო ასაკი’ შემცირდა.
