Header Ads

ცირამუა ივანიშვლს: თქვენ თუ მოინდომებთ,...

ცირამუა ივანიშვლს: თქვენ თუ მოინდომებთ,...




ასე მიმართავს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და სოციალურ ქსელში წერს.



ბატონო ბიძინა!

გავბედავ და პირდაპირ თქვენ გეტყვით, რადგან ამ ქვეყანაში, თქვენს ზემოთ მარტო ღმერთია.

არ მიწყინოთ, ნამდვილად ასეა, აი, ერთხელაც ქუჩაში გადით და შეეკითხეთ ადამიანებს და თქვენი ყურით მოისმინეთ. მათ შორის ბევრ იმედგაცრულებულ და სასოწარკვეთილ ადამიანს იპოვით, აუცილებლად შეგხვდებათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, დაუძლურებული მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ, ისეთებიც იქნებიან აქ შეგროვებულ ფულს, რომ ვიღაცას აძლევენ, მერე ის ვიღაცა კიდევ ვიღაცას და ა. შ. თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ შეკითხვა ვინ დგას ამ ხალხის უკან, ვინ ითბობს ამით ხელს? ახლა ისე არ იფიქროთ, რომ იმ ადამიანებს არ უჭირთ. გაჭირვებაც არის და გაჭირვებაც! ყველა რაღაც გზას პოულობს თავისი თავის გადასარჩენად. გადასარჩენად! ნამდვილად ასეა, რადგან ამ ქვეყანაში მართლაც ბევრი ადამიანი იბრძვის არსებობისთვის!


აი, რომელიმე პატარა ბიჭს სახლშიც თუ გაყვებით, ნახავთ ფიცრულს, ერთ ცივ ოთხაში მცხოვრებ ათ სულს, ჩამსხვერეულ ფანჯრებზე ცელოფნის პარკებით, უმრავლესობას იატაკზე სძინავს, მამა დიდი ხანია ვეღარ უძლებს ამ ამბავს და თუ რამეს შოულობს სვამს, ამ საშინელებას რომ არ უყუროს, გალოთდა კაცი, მერე სიმთვრალეში, ამ სივიწროვეში, რომელიმე ბავშვი, ან თუნდაც ცოლი რაღაცას ისე არ გააკეთებს, როგორც მას უნდა და უმოწყალოდ გალახავს სათითაოდ ყველას. ბავშვები, შეშინებულები, ოთახის ერთ კუთხეში მიიყუჟებიან, ღამით ვერ დაიძინებენ, მამა მერე დედის საწოლისკენ გადაბობღდება და ყურებს დაიხშობენ, იმიტომ, რომ მიხვდებიან, რაღაც ძალიან უხერხული რამ ხდება ამ ოთახში.

დილით ბიჭი სკოლაში წავა. იქაც გაჰყევით. მის გულში, რომ იჯდეთ მიხვდებით როგორ ესიკვდილება იქ მისვლა. ესიკვდილება იმიტომ, რომ მის გვერდით არავინ დაჯდება. რა ხანია არ უბანავია ამ ბიჭს და კლასელები რომ ხედავენ ცხვირზე ხელს იფარებენ, რაღაცას ეჩურჩულებიან ერთმანეთს, ზოგი თავში წამოარტყამს, ზოგი ზედაც არ შეხედვას, ზის ეს ბიჭი, ითმენს, ითმენს და ერთხელაც გული რომ არ გაუსკდეს დაიღრიალებს, მასწავლებელი კი კლასიდან გააგდებს, ოჯახს გაულანძღავს, ბავშვები დასცინებენ და ზოგი ხმამაღლა იტყვის, ზოგიც გულში გაიფიქრებს აუუ, ძლივს არ გაიწმინდა ჰაერი?!


იმ მასწავლებელს ან არ ეცოდინება ან რა ჩემი სამქეაო გაიფიქრებს და არ შეატყობინებს სოციალურ სამსახურს. თუ ოდესმე ვინმემ შეამჩნია ბიჭი, შეიძლება სოციალურ სამსახურამდეც მივიდეს საქმე. მერე, რომელიმე სოცმუშაკს დააწერენ ამ საქმეს. ეს იქნება მისთვის ალბათ მეასე ქეისი. სოცმუშაკი ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ დაჯდება 80 თეთრიან მარშუტკაზე, რადგან მუნიციპალური ავტობუსი ბიჭის სახლისკენ არ მიდის. გზაში კიდევ დასჭირდება ერთი საათი, მერე კიდევ რამდენიმე კილომეტრს ფეხით ივლის, ამასობაში დაღამდება კიდეც, ძლივს მიაგნებს ბიჭის სახლს და რასაც იქ ნახავს სულაც არ გაუკვირდება. იცით რამდენი აქვს ასეთი ნანახი? ბავშვის დედა და მამას ცოტა იმედი გაუჩნდებათ, გულთბილად მიიღებენ, დედა არ ეტყვის სოცმუშაკს, რომ მამა მოტეხილი სკამის ფეხით სცემს ხოლმე, თქვენ წარმოიდგინეთ არც ბიჭი ეტყვის, მამის შეეშინდება, თან შერცხვება, ბიჭია მაინც და საიდუმლოს შენახვა უნდა შეეძლოს, არც სკოლაზე მოყვება რამეს მერე ბავშვები და მასწავლებლები ჩამშვებს დაუძახებენ. სოცმუშაკი თვითონ მიხვდება ყველაფერს, დასკვნასაც დაწერს. იცის, კარგად იცის სოცმუშაკმა, რომ ამ ბავშვს ვერაფრით დაეხმარება, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს პროგრამები, რომელსაც ასეთ სიტუაციებში ოჯახის გაძლიერება შეუძლიათ, მშობლების განათლება შეუძლიათ, სკოლაში სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ. კარგად იცის სოცმუშაკმა, რომ ის ჯადოქარი არ არის, არადა, რამდენჯერ უნატრია ჯადოსნური ჯოხი! კიდევ რამდენჯერმე მიაკითხვას ბიჭს, ზოგჯერ ვერც მიაკითხვას, ხან გზის ფული არ ექნება (მისი ხელფასი გროშებია), ხან გაიფიქრებს მაინც ვერაფერს შევცვლიო, ერთ დღესაც მივა და ბავშვს თავისი სახლიდან სხვა სახლში წაიყვანს (ამას ჩვენში სახელმწიფო ზრუნვაში გადასვლას ეძახიან). იმ სოფელში თუ ქალაქის იმ მიგდებულ უბანში, სადაც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გზაც კი არ დააგო, სოცმუშაკს ბავშვების ოჯახისთვის მომგლეჯად მოიხსენიებენ. ბიჭსაც უცნაურად შეეკუმშება გული, იქ, სადაც წავა ცხელ სუპს მაინც შეჭამს, იატაკის ნაცვლად თბილ ლოგინში ჩაწვება, მაგრამ მიხვდება, რომ მაინც აქ ურჩევნია, რაღაც ძალიან უცნაურად უყვარს თავისი მშობლები, ზოგჯერ ოცნებობს, რომ მამა ისევ ისეთი წვერგაპარსული და მხიარული იყოს, როგორიც ადრე, როცა მუშაობდა და სამსახურიდან გამოუშვებდმენ ახალი უფროსი როცა მოვიდა და მერე ვალები დაედებოდა და ის, რაღაც დაავადება დაემართებოდა, რის გამოც დღიურ მუშად მუშაობაც აღარ შეუძლია ვეღარ დაათრევს ზურგით მძიმე ტვირთს, დედა ისევ ისე აცხობდეს ფუნთშებს და ზოგჯერ მაინც იღიმოდეს. თავს დამნაშავედ იგრძნობს უფრო მეტად რომ დახმარებოდა მშობლებს და უმცროს და- ძმას, იქნებ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ რა ქნას ბიჭმა ჯართს ვეღარ შოულობს, რამდენჯერმე მოპარვაც კი სცადა, კიდევ კარგი არ დაიჭირეს. უბანში ბიჭებმა უთხრეს ჯერ არ ხარ 14 წლის არ დაგიჭერენო, პოლიციამაც ერთი-ორჯერ განყოფილებაში მიიყვანა და ისევ გაუშვა, რადგან არ იცოდა პოლიციელმა რა ექნა ამ დროს, რადგან ამ ასაკის ბავშვებისთვის, დანაშაულის გზას რომ აცდნენ, არაფერია ქვეყანაში.

იქ, ქუჩაში, ბევრ ასეთ ბიჭს და გოგონას შეხვდებით. ყველას ისტორია ერთმანეთს ჰგავს.

და ახლა, იმედია არ იკითხავთ, მე რა შუაში ვარო?! იქნებ ეს ქალი ფიქრობს, რომ მე მაქვს ჯადოსნური ჯოხიო?!


არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ თუ თქვენ მოინდომებთ, თუ პოლიტიკური ნება იქნება და სოციალური და განათლების პოლიტიკა საფუძვლიანად შეიცვლება, რაც მთავარია სათანადოდ დაფინანსდება, ჩემი ახალგაზრდა თანამშრომელი, არაჩვეულებრივი პრაქტიკოსი (და ბევრი მისი მსგავსი სპეციალისტი) თავს აღარ იგრძნობს უსუსურად, ის ნამდვილად შეძლებს ბავშვებს დაეხმაროს გადატანილი სტრესების დაძლევაში, ცუდი ქცევების შეცვლაში, რადგან ეცოდინება, რომ როცა ბავშვს შია, როცა ბავშვი განათლებას ვერ იღებს, როცა ბავშვზე ძალადობენ, ქვეყანაში არის უამრავი საშუალება (პროგრამა), რომელიც პარალელურად ხორციელდება და ასე, ერთობლივი ძალისხმევით, რაღაც გამოვა!

სანამ მთელი ეს სიმძიმე დაბალი რგოლის პროფესიონალების სოცმუშაკების, პედაგოგების, პოლიციელების და ა. შ. ზურგზეა ტვირთად წამოკიდებული, რომლებსაც სავარაუდოდ მაღალი რისკის პროფესიული გადაწვა აქვთ და არც ჯადოსნური ჯოხი გააჩნიათ (რისი ლოგიკური შედეგი სამსახურეობრივი გულგრილობა ან უფლებამოსილების გადაჭარბებაა და კრიტიკულ და ტრაგიკულ შემთხვევებში კი ჯოხი ისევ მათზე ტყდება) , ამ ქვეყანაში კიდევ იქნებიან 13 წლის ბიჭები, რომლებიც სახლიდან გავლენ და აღარ დაბრუნდებიან და ჩვენ არ გვეცოდინება ცამ უყოთ პირი თუ მიწამ, წერს მაია ცირამუა სოციალურ ქსელში.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.