Header Ads

"კანონიერ ქურდს" თავი მოაჭრეს – წარსულის დიდი ქურდული გარჩევები თბილისში





მკვლელობა კაზინოში და პუტინის ფარული კავშირები ქართველ კრიმინალებთან

ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტმა, რომელიც «გულაგის არქიპელაგის» ავტორის ალექსანდრე სოლჟენიცინის თქმით, კრემლის დირექტივით შეიქმნა, ტრანსფორმაცია რამდენჯერმე განიცადა. თავდაპირველად ქურდები ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობდნენ, თუმცა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ. მაგალითად, ამბობენ, რომ გივი ბერაძე, იგივე «შრამი», რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე გავლენიან ქართველ კანონიერ ქურდად ითვლებოდა, შს მინისტრ შოლოკოვთან მეგობრობდა… სტავროპოლის მხარის ცეკა-ს მდივნობისას კრიმინალებს მიხეილ გორბაჩოვიც დამეგობრებია… ამიტომაც გორბაჩოვის «პერესტროიკა» «ქურდულ სამყაროსაც» შეეხო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქურდებს კერძო საკუთრების შეძენის უფლება მიეცათ… მაშ ასე, როგორ იქცნენ კანონიერი ქურდები მაფიოზებად და რა შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ «დაუწერელ ქურდულ კანონებში»? «ქართული სიტყვა» კრიმინალური სამყაროს უცნობ დეტალებს გთავაზობთ.

მკვლელობა 9 იანვრის ქუჩაზე

…1992 წლის იანვარია. რამდენიმე დღეა, საქართველოს სამხედრო საბჭო მართავს. სამშობლოდან განდევნილ ზვიად გამსახურდიას სომხეთი პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეუბნება. პრეზიდენტის ამალა გეზს ჩეჩნეთისკენ იღებს… სწორედ ამ დროს თბილისში, ხილიანის ქუჩაზე უცნობები შავ ჩემოდანს პოულობენ, რომელშიც ადამიანის მოჭრილი თავი დევს. შემთხვევის ადგილას მისული სამართალდამცავები მომხდარის შესახებ ჯაბა იოსელიანს ატყობინებენ. «მხედრიონის» ლიდერი მოჭრილ თავს კრიმინალისტივით ათვალიერებს და ჩურჩულებს:

– ანზორაა, აღაიანი… საწყალი…

რატომ მოაჭრეს თავი ანზორ აღაიანს? მართალია, აღაიანის მკვლელობიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ კითხვას პასუხი არ გასცემია… აღაიანი თბილისელი ქურთი იყო, რომელსაც შავ სამყაროში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. უცნობია, აღაიანმა და ჯაბა იოსელიანმა ერთმანეთი სად და როდის გაიცნეს, მაგრამ აღაიანის მკვლელობის შემდეგ ხალხში ხმა დაირხევა, რომ მას ჯაბასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაეძაბა. იტყვიან იმასაც, რომ იმ «სხვოტკას», რომელზეც ჯაბას ქურდის ტიტული ჩამოართვეს, თითქოს აღაიანიც ესწრებოდა და სიცოცხლეს სწორედ ამიტომაც გამოასალმეს(!).

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, თბილისში კრიმინალური გარჩევები გახშირდა, რომლებსაც რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილთა უმეტესობა, როგორც ამბობენ, ჯაბა იოსელიანთან იყო დაპირისპირებული, ანუ იოსელიანმა არასასურველი ხალხი თავიდან მოიცილა?

…1996 წლის 11 ივლისი.

ავსტრიის დედაქალაქი ვენა…

კაზინო «ასტორიის» შესასვლელთან მაყუჩიანი პისტოლეტით სამშენებლო კომპანია «მარკო პოლოს» აღმოსავლეთ ევროპაში არსებული სასტუმროების გენერალურ დირექტორ დავით სანიკიძეს კლავენ. მართალია, სანიკიძე ევროპაში გავლენიან და წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, მაგრამ ის ქართული «ქურდული სამყაროს» ერთ-ერთი «ნათლია» იყო…

ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის შემდეგ თბილისი ე.წ. საძმოებად დაიყო. «მეტეხის საძმოც», რომლის ატამანიც დავით სანიკიძე გახლდათ, სწორედ იმხანად შეიქმნა. სანიკიძეს სამხედრო საბჭოსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა…

დავით სანიკიძე ბათუმელი იყო, თუმცა 1980 წელს, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ცნობილ რუს კრიმინალ ვიაჩესლავ ივანკოვს, იგივე «იაპონჩიკას» დაუახლოვდა და მისი მარჯვენა ხელი გახდა… გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დავით სანიკიძემ და ჯაბა იოსელიანმა ერთმანეთი სწორედ ჩრდილოეთში გაიცნეს, თუმცა 1992 წლამდე მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ…

მას შემდეგ, რაც «მხედრიონი» ქვეყნის სათავეში მოვიდა, სანიკიძე საქართველოში დაბრუნდა და, როგორც ამბობენ, ჯაბა იოსელიანის ხელშეწყობით, ავიაკომპანია «ორბის» პრეზიდენტად დაინიშნა. მას ბიზნესინტერესები სასტუმრო «მეტეხშიც» ჰქონდა…  განაგრძეთ  კითხვა
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.