"სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგში მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს"

"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.
როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე მან კითხვა დაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს, თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, მის პასუხს ვერ გაახმოვანებს.
"სუს-ის უფროსის მოადგილეს დავუსვი კითხვა დამიდასტურებს თუ არა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი დღეს დასაქმებულია და მუშაობს სანკტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად. რადგან შეხვედრა იყო დახურული, მე მხოლოდ ჩემი კითხვის გამოტანა შემიძლია თქვენთვის. შესაბამისად, ბატონი ლილუაშვილის პასუხს მე ვერ მოგახსენებთ", – განაცხადა ნადირაშვილმა.
