ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებული ფორმით შექმნას აკრიტიკებს

საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას აფასებს. ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება 'ქულების ჩაწერას ცდილობს. კახიძე დასძენს, რომ არ არსებობს პრაქტიკა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმს მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელმძღვანელობდეს. ინფორმაციას სააგენტო 'ინტერპრესნიუსი' ავრცელებს.
'ევროპული საქართველო“ იზიარებს არასამთავრობო სექტორის წარმოდგენილ პროექტს ამასთან დაკავშირებით. მთავარია ინსტიტუციური გარანტიები, მეორე არის რომ არეალი იყოს ფართო და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობით. ხელისუფლება ცდილობს ჩაიწეროს ქულები თითქოს რაღაც გააკეთა. სინამდვილეში კი პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული იყოს გამოძიებული, ამას აქამდეც ვნახავდით, ბოლო წლებში რომელიმე საქმეზე გვექნებოდა შედეგი', - თქვა კახიძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულების გამოძიების მიზნით არავითარი დამოუკიდებელი ორგანო არ იქმნება.
'შეუძლებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციასთან ერთად არსებობდეს მსგავსი ორგანო, რომელიც იქნება პროკურატურის რეალურ დაქვემდებარებაში და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება ნული. ამიტომ სჯობს, საერთოდ არ წამოიწყონ ისეთი ინიციატივა, რომელსაც საბოლოოდ ცუდი შედეგი ექნება', - ამბობს გოცირიძე.
კანონპროექტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა დღეს. ჯერ კიდევ 31 იანვარს, ნინო ლომჯარიას ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა, თუმცა დღეს ორგანოს შექმნა მოიწონა.
ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიაზე საკანონმდებლო ინიციატივა 31 იანვარს წარადგინა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება.
სრულად
