გორში პოლიციასთან დაპირისპირების გამო დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გორის რაიონულ სასამართლოში 8 აპრილს პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბრალდების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა. ექვსივე ბრალდებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. ხუთ მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ერთს კი 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაცვის მხარის არგუმენტები 2 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებაზე სასამართლომ არ გაითვალისწინა. წინასასამართლო სხდომა 1ივნისს ჩაინიშნა.
8 აპრილს, პოლიციასთან დაპირისპირების გამო გორში 9 პირი დააკავეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, ახალგაზრდებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კეცხოველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერში, 20-მდე ახალგაზრდას საპატრულო ეკიპაჟმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ინციდენტის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5-ი თანამშრომელი დაშავდა. დაზიანდა უწყების კუთვნილი 3-ი ავტომანქანა.
სრულად
