"სი-ტი პარკი" თბილისის მერს, კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს

ღია წერილს, რომელსაც ხელს აწერს სიტი პარკის გენერალური დირექტორი, ბენიამინ ლაჰავი, აიპრესი უცვლელად გთავაზობთ.
ბატონო კახა, შევეცდები გასაგებად აღვწერო ის ყველაფერი, რაც განხორციელდა უახლოეს წარსულში სი-ტი პარკთან მიმართებაში. ასევე სურვილი მაქვს ეს გასაგები იყოს წერილის ყველა მკითხველისთვისაც.
თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისი მეოთხე დღეს ხვდება სი-ტი პარკის გარეშე. პარკირების მართვა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას დაეკისრა, რომელიც ოპერირებას გააგრძელებს იმავე წესებით, რომლებითაც აქამდე ასრულებდა საკუთარ მოვალეობას სი-ტი პარკი.
მინდა პირადად მოგილოცოთ, რადგან ეს არის თქვენი პირველი დიდი გამარჯვება მერობის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. თქვენი წინასაარჩევნო კამპანია, მერობის სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ნამდვილად, გამორჩეული იყო, თქვენ არ აცხადებდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში სი-ტი პარკს დაუფიქრებლად ქვეყნიდან გაუშვებდით, უფრო მეტიც, ამბობდით, საჭიროა საკითხის ღრმად შესწავლა და გადაწყვეტილების შესაბამისად მიღება.
დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ესეც წინასაარჩევნო ფანდი ყოფილა. კომპანია სი-ტი პარკთან მიმართებით ყველა მიმდინარე საკითხი აცდენილი იყო სამართლებრივ საფუძველს და არცერთი ჩვენი შემოთავაზება არ განხილულა თქვენი და თქვენი ჯგუფის მიერ. თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მუდმივად ბრალს სდებდნენ სი-ტი პარკს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში, საბოლოოდ კი, კონტრაქტი სრულიად სხვა მიზეზების გამო გაუწყვიტეთ: პარკირების არასრული დახაზვა და ნიშნების უზუსტობა/არქონა, ესეც ცრუ დასაბუთებით.
ბატონო კახა, ჩვენ ვიმედოვნებით, რომ წინამორბედი მერის, დავით ნარმანიას სამწუხარო პრაქტიკას არ გაიზიარებდით და თქვენ მაინც დაიწყებდით კომპანიასთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას.
მესმის, ჩვენი კომპანია არავის უყვარს, და ჩვენ ხშირად გვბრალდებოდა ისეთი საკითხები, რაც ჩვენი მოვალეობა არასოდეს ყოფილა; შესაბამისად, ნამდვილად მომგებიანია სი-ტი პარკის თბილისიდან გაგდებით მიღებული გმირის წოდება, თუმცა, თქვენ თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსი ხართ, რომელიც უნდა აფასებდეს მართვის თანამედროვე სტანდარტებს, მათ შორის, პარკინგის მართვის სტანდარტსაც. აღნიშნული შეთავაზება სი-ტი პარკმა 2007 წელს წარადგინა. მას შემდგომ ეს შეთავაზება რამდენჯერმე შეიცვალა სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც მოდიოდა თბილისის მთავრობის წარმომადგენლებისაგან.
თბილისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ჩვენთან გაუქმნდა კონტრაქტი, ხოლო თქვენ დაარღვიეთ როგორც კონტრაქტული მოვალეობა, ასევე მიმდინარე კანონმდებლობა, ჩვენ მაინც ვიტოვებთ სამართლიაონის გარანტიის იმედს. ეს ჩვენს კომპანიას მისცემს საშუალებას დაამტკიცოს სიმართლე ადგილობრივ დონეზე. თუ საქართველოში ეს არ მოხერხდა, საქმეს გავიტანთ საერთაშორისო არბიტრაჟზე, სადაც სი-ტი პარკი დაამტკიცებს , რომ კონტრაქტის შეწყვეტა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების რეზულტატი, რადგან კომპანია საკუთარ მოვალეობებს გულდასმით ასრულებდა.
საბოლოო ჯამში, მინდა გისურვოთ წარმატება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობაში, რაც თბილისის პარკინგია. იმედი მაქვს, რომ სი-ტი პარკისგან განსხვავებით, მომავალი პარკინგის ოპერატორი სრულ მხარდაჭერას მიიღებს საქართველოს მთავრობისგან. ის ფაქტი, რომ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პარკინგის გუნდის პრეზენტირებაში, რომელიც ოპერირებს იმავე წესებით და ნაწილობრივ იმავე პერსონალითაც, რითიც სი-ტი პარკი, საუკეთესოდ ასახავს კონტრაქტის გაწყვეტას, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამჟამინდელი მთავრობისთვის რეალური პრობლემა მხოლოდ სახელია - სი-ტი პარკი.
პატივისცემით,
სიტი პარკის გენერალური დირექტორი, ბენიამინ ლაჰავი, - ნათქვამია ღია წერილში.
სრულად
