ჯაფარიძე: შსს-სგან პასუხი ვერ მივიღე თუ რის გაკეთებას აპირებს კანაფის ფესტივალზე

'გირჩის' პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანაფის ფესტივალზე თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება. ჯაფარიძის თქმით, უწყებას ორი დღის წინ მიმართა, რათა გაეგო რის გაკეთებას აპირებს შსს 20 ოქტომბერს დაგეგმილ კანაფის ფესტივალზე, თუმცა პასუხი არ მიუღია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ორი დღის წინ შს მინისტრს საჯაროდ მივმართე და საჯაროდ საუბარი შევთავაზე იმასთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ ამ აქციაზე და როგორ მოიქცევა შს სამინისტრო და რა პოზიცია აქვთ. წინასწარ გასაგები რომ იყოს, ვინ როგორ მოქმედებს, რათა მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ადამიანები. პასუხი არ მიმიღია. გუშინ მის მოადგილეებს მივმართე, მაგრამ იქიდანაც პასუხი არ არის. თუ აპირებენ, რომ ველურებივით მოიქცნენ, მოვარდნენ ვიღაცები და დააკავონ, ეს ქცევა იქნება ველური. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ცივილიზებულად ჩაივლის.
პირადად, ვიცავ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას – მარიხუანასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლომ მითხრა, რომ მაქვს მოხმარების უფლება, რაც ნიშნავს, რომ უნდა მქონდეს ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზაც, მქონდეს შეძენისა და კულტივაციის უფლება. ვიცავ იმას, რაც კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული, არ ვარღვევ არანაირ კანონს. კანონს თუ ვინმე დაარღვევს, დაარღვევს შს სამინისტრო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გირჩი 20 ოქტომბერს მოძრაობა დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზებასთან აღსანიშნავად ფესტივალს ჩაატარებს, სადაც მისულებს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.
მისი განმარტებით უწყებამ ამ განცხადებაზე უკვე დაიწყო საქმის გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
წყარო