ადვოკატი: ექსპერტებმა ვერ თქვეს რა...

პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებსა და ადვოკატს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გააცნეს, რომელსაც უნდა გაეცა კითხვაზე პასუხი, თუ რა მდგომარეობაში იყო მაჩალიკაშვილი, როცა მას ესროლეს. ადვოკატის განცხადებით, სპეციალისტები მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ.
ადვოკატის თქმით, სამხარაულის ექსპერიტიზის დასკვნაში წერია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი ვიზირების ხაზის ქვემოთ, ბალიშზე ოდნავ წამოწეული იყო. რაც შეეხება სხეულის მდგომარეობას, მას ექპერტები ზუსტად ვერ ადგენენ.
აქედან გამომდინარე, ადვოკატი ამბობს, რომ ამ დასკვნით დაცვის მხარის მტკიცებულებები მყარდება.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი – შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები.
