ანგელა მერკელის პირადი ინფორმაცია...

გერმანიის ფედერალური კანცლერის უწყებიდან მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა მარტინა ფიცმა განაცხადა.
„ყველა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ეს ინციდენტი გამოიძიონ. რაც შეეხება ფედერალური კანცლერის უწყებას, საიდუმლო მონაცემების გაჟონვა არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ფიცმა.
მარტინა ფიცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვინ დგას ამ ინციდენტის უკან.
დღეს ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს. Twitter-ზე გამოქვეყნებულია გერმანელი პოლიტიკოსების მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, ასევე შიდაპარტიული დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის პასპორტის ასლი, მათი ოჯახის წევრების საკრედიტო ბარათების მონაცემები და მიმოწერა.
აღსანიშნავია, რომ ამ ჰაკერული შეტევის სამიზნე გერმანიის პარლამენტის ყველა პარტია გახდა, გარდა ულტრამემარჯვენე პარტიისა „გერმანიის ალტერნატივა“.
