სისხლის ბანკები მარაგის შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ
ზაფხულის სეზონზე სისხლის ბანკებში მარაგები შემცირებულია, რის გამოც ისინი საზოგადოებას მიმართავენ და სისხლის უანგარო დონორობისკენ მოუწოდებენ.
როგორც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სისხლის ბანკის, „ჰემა 2012-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიანა ტარიელაძემ განაცხადა, მათი კლინიკაც იმ კლინიკებს შორისაა, რომლებსაც საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სისხლის პროდუქტების მარაგი უმცირდებათ.
მისივე განმარტებით, სისხლის პროდუქტების მოხმარება წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია, რის დასაბალანსებლადაც აუცილებელია უანგარო დონორობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარება.
უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე არაერთი წელია სპეციალურ კამპანიას აწარმოებს, რის შედეგადაც არაანაზღაურებადი დონორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პირველი და მეორე ჯგუფის სისხლია.