"არ უნდა ავყვეთ ემოციებს და ჩრდილოეთ კორეა კუთხეში არ უნდა მოვიმწყვდიოთ"
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ კორეის ლიდერთან მუნ ჯე ინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ემოციებს არ უნდა დაეყრდნონ.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
"არ უნდა ავყვეთ ემოციებს და ჩრდილოეთ კორეა კუთხეში არ უნდა მოვიმწყვდიოთ. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, ვითარებას ცივი გონებით შევხედოთ და თავი ავარიდოთ დაძაბულობის ესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ფხენიანის ბირთვული პროგრამა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევაა, ის არღვევს იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„პოლიტიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტების გარეშე ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა შეუძლებელია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
