დავით აქუბარდია პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია "კავკასიის" დამფუძნებელი დავით აქუბარდია თვითმმართველობის არჩევნების წინასარჩევნო პროცესს აკრიტიკებს და პროცესებში აქტიურად ჩართვის შესახებ განცხადებას აკეთებს.
განცხადებაში დავით აქუბარდია ხელოვნურ საარჩევნო მანიპულაციებზე, ფაბრიკაციებზე, ფარულ გარიგებებზე საუბრობს. მისი თქმით აღნიშნული პროცესები სინდიკატური პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„დღევანდელმა სამართლო სისტემამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო სისტემის, ხმების დათვლის გამჭვირვალე პროცესის შექმნა და ვერც საარჩევნო ადმინისტრაციების პოლიტიკური ფუნქციებისგან გამოთავისუფლება“, _ აცხადებს ტელე-კომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი.
აქუბარდია ინიციატივით გამოდის, მოსახლეობის აქტივობით, ალეკო ელისაშვილის და სხვა დამოუკიდებელი მერობის კანდიდატების მხარდამჭერი საკრებულოს წარმომადგენლობითი ჯგუფი შეიქმნას.
„სამწუხაროდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მარათონს დაემთხვა კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკურად მწვავე კრიზისი, რომლის კონკურენტებში უკვე იკითხება შემდგომი მოვლენების დაძაბული და არასტაბილური განვითარების დასაწყისი; აუცილებელი ხდება სრულიად ახლებური, დემოკრატიული ინსტიტუტების შემოტანა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში არჩევნების ჩატარების სტაბილურობას და ხელისუფლების ლეგიტიმურობას. აღნიშნული ნეგატიურ პროცესებს შეიძლება შედეგად მოჰყვეს სამოქალაქო დაპირისპირება და საარჩევნო პროცესის ჩაშლა. აქედან გამომდინარე, ვაცნობიერებ მოსალოდნელ საფრთხეებს, და გამოვდივარ ახალი ინიციატივით. მოვუწოდებ ყველას, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალურ ამომრჩეველს, ასევე თავად პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მაქსიმალური ძალისხმევის ხარჯზე შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ევროპა მართლა გავაოცოთ ახალი ქართული დემოკრატიული სტანდარტით“-აღნიშნულია დავით აქუბარდიას განცხადებაში.
დავით აქუბარდია პოლიტიკურ მოთამაშეებს კონსულტაციებს სთავაზობს.
„მინდა პოლიტიკურ მოთამაშეებს შევთავაზო კონსულტაციები. ჩემს მიერ შეთავაზებული ინიციატივათა პაკეტიდან, რომელსაც მალე სრულად გამოვაქვეყნებ. შემოთავაზებაში ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკური დანიშნულება გააჩნია უპარტიო პერსონების პოლიტიკურად უზრუნველყოფის გარანტიების შექმნას, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაშიც კი განწირულნი არიან წინასწარი მარცხისთვის. მაგალითად თუნდაც, ალეკო ელისაშვილი გამარჯვების შემთხვევაში შეიქმნება საკრებულოს პოლიტიკური უმრავლესობის მძევალი, რომელიც ვერასოდეს მიიღებს თავისუფალ, დამოუკიდებელ და ხალხისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. აუცილებელია, შეიქმნას ალეკო ელისაშვილის და სხვათა, როგორც დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის მხარდამჭერი საკრებულოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომლის დამფუძნებელი იქნება თბილისის მოსახლეობა; ამ შემოთავაზების მიხედვით, თბილისის ყველა უბანი აყენებს თავის კანდიდატს ყოველგვარი პარტიული ინტერესების გარეშე და საკრებულოს ფორმირება განხორციელდება მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობისა და დემოკრატიის ინტერესების სასარგებლოდ; ამრიგად, ჩვენ ამ ფორმატით ვღებულობთ უშუალო დემოკრატიის ახალ მოდელს, რომელიც პირველი პოლიტიკური მერცხალი იქნება 21-ე საუკუნის საქართველოში და პირობას ვაძლევ თბილისის მოსახლეობას, რომ პირადად ჩავუდგები სათავეში ამ ერთობ საინტერესო პროცესს“-აღნიშნავს დავით აქუბარდია.
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.
