Header Ads

პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსს გადიან


ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორები და პროკურატურის სისტემის გამომძიებლები სპეციალიზაციის კურსს გადიან.


სპეციალიზებული სწავლების მიზანი პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერებაა, რაც მნიშვნელოვნად აისახება საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ზრდასა და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე.

საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ. შესაბამისად, ტრენინგის მონაწილეთა შერჩევაც მიზნობრივი ტერიტორიული ორგანოებიდან და სტრუქტურული დანაყოფებიდან მოხდა.

5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იქნება სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტები, კერძოდ: მტკიცებულებათა მოპოვება და შეფასება, საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა, ოჯახური დანაშაულის ანალიზი, ტენდენციები, რეკომენდაციები, გენდერული მოტივის გამოკვეთა, დაზარალებულის გამოკითხვა და მასთან კომუნიკაცია,  ბავშვის მიმართ ძალადობა ოჯახში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  ტრენინგის შინაარსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის სათანადო ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზე.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურორებისა და გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული სწავლება უკვე პროკურორების 3-მა ჯგუფმა, ჯამში 46-მა მონაწილემ გაიარა. 1 მაისამდე დამატებითი სწავლება კიდევ ერთ ჯგუფს ჩაუტარდება და შედეგად სისტემის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და ტერიტორიული ორგანო დაიფარება.

 

 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.