პრემიერი მაიკ პომპეოს: საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა ქართველი და ამერიკელი ხალხის ინტერესებშია

პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. პრემიერმა კვირიკაშვილმა მაიკ პომპეოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის მომავალში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღმავების პერსპექტივებს ხედავს.
'დღევანდელი სესია იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ განვიხილოთ მიღწეული პროგრესი, არამედ დავსახოთ ჩვენი კავშირების გაღრმავების პრიორიტეტები.
აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში, და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში შეტანილი წვლილით.საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას. აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისათვის.
ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა საქართველოში და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად, ევროპაში უსაფრთხოების სტაბილურობის საქმეში.ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში.
ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ. ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატოს სტანდარტს - 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა შევიძინოთ აშშ-ს სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა.აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრება ნატოში კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის.
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. აშშ-ის დახმარებით, საქართველო იქცა მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად. დღეს, როდესაც ჩვენ გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ ატეპზე, ჩვენ ვხედავთ ორმხრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს.
აშშ-ის კერძო ინვესტიციები ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნესგარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, როგორც ამას „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PricewaterhouseCoopers) უახლესი კვლევა ცხადყოფს, 5 წლის განმავლობაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს 360%-ით, რის შედეგადაც აშშ-ში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.ბატონო მდივანო, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია, და მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერსებში', - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პომპეოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
სრულად