მაჭავარიანი: სესხს ყველა მიიღებს, ვისაც ამის საშუალება ექნება

ახალ საბანკო რეგულაციებს, რომელიც საქართველოში 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, ქვეყნის ეკონომიკაზე 0,6%-იანი ნეგატიური გავლენა ექნება, რომელიც დაახლოებით, 1 წლის ვადაში გამოსწორდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.
'პრაქტიკულად, ნებისმიერი კრიზისი რომ აიღოთ მსოფლიოში, ყოველთვის მის ძირში ჭარბვალიანობა დევს. კრიზისს ეს იწვევს. ეს იწვევდა კრიზისს ამერიკაში 30-იან წლებში, 2008 წელსაც ეს იყო და ყოველთვის ჭარბვალიანობა დევს ყველა კრიზისის სათავეში, შესაბამისად, ამ ამბავს სჭირდებოდა მიხედვა. ტოქსიკური სესხების აღება ხდებოდა და რეალურად, ეს ადამიანებს გრძელ ვადაში არანაირ შვებას არ აძლევდა, შესაბამისად, ახლა ეს სწორდება. სესხს ყველა მიიღებს, ვისაც ამის საშუალება ექნება', - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პირველი ნოემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და მსესხებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
რეგულაციების შედეგად ფინანსებზე წვდომა მომხმარებლების ნაწილს შეეზღუდება. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დებულების სამუშაო ვარიანტი გასაჯაროებულია, თუმცა მარეგულირებელში ამბობენ, რომ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
წყარო