ურბანული განვითარების ექსპერტმა მიწისზედა მეტროს პროექტი დაიწუნა

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასა და აეროპორტთან დააკავშირებს, ასევე მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.
„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ პროექტი მგზავრთნაკადის სიმცირის გამო არ გაამართლებს. ექსპერტის მოსაზრების შესახებ „ლიბერალმა“ დაწერა.
„მე მეჩვენება, რომ 90 მილიონი დოლარის დახარჯვა ასეთ მიმართულებაზე, სადაც მგზავრთნაკადი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მეტროს ხაზი იყოს საჭირო, მიზანშეწონილი არ მგონია. ვფიქრობ, უფრო სხვა ტიპის ტრანპორტი იქნებოდა საკმარისი, მაგ: ჩქაროსნული ავტობუსი, ან ტრამვაი, ვიდრე მეტრო. მეტრო არის ყველაზე გამტარუნარიანი ტრანსპორტი და მხოლოდ ისეთ მიმართულებებზეა მიზანშეწონილი, სადაც სამგზავრო არტერიაა“, - ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.
ბაბუნაშვილი განმარტავს, რომ რომ ლილო, აეროპორტი, ორხევი, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით, თავისი რიგი სპეციფიკური მახასიათებლების გამო მგზავრთნაკადი არ არის რეგულარული, რაც მეტროს სჭირდება.
„ლილო -ეს არის ბაზრობა, რომელ მიმართულებაზეც მგზავრები ძირითადად არიან დილით და სადღაც შუადღის 3-4 საათისთვის იქ ყველაფერი მთავრდება. აეროპორტი- აქ პულსირებადი ნაკადია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ საერთაშორისო ჰაბი, რომ აეროპორტიდან მუდმივი მგზავრთნაკადი გვქონდეს. რაც შეეხება „ისთ ფოინთს“ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო საინტერესო, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია მგზავრთა პროფილი. დავუშვათ მიდიხარ იქ საყიდლებზე უფრო მეტად აირჩევ ალბათ ავტომობილს, რადგან იქიდან უნდა წამოიღო პროდუქტები“, - განმარტავს ექსპერტი.
ახალი პროექტის პრეზენტაციაზე დღეს ქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისში დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება. „ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალი მიწისზედა მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება“, - თქვა კალაძემ.
წყარო