როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტი და რატომ

დღეს მოდაში წვერიანი კაცები არიან, მანამდე ქალების უდიდესი ნაწილი უპირატესობას სუფთად გაპარსულ კაცებს ანიჭებდა. დრო იცვლება, დროის ცვლილებასთან ერთად კი სილამაზის სტანდარტიც იცვლება. თუმცა როგორც გაირკვა, თანამედროვე ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ინტერნეტიზაციის გამო, სილამაზის სტანდარტების ცვლილების პროცესი ძალიან დაჩქარდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სილამაზის აღქმის სტანდარტების ცვლილებას დიდწილად ვებგვერდები და მობილური აპლიკაციები განაპირობებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გემოვნება ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს, თუმცა ბევრს სჯერა, რომ იდეალურობაზე მისი წარმოდგენა, მთელი ცხოვრების განმავლობაში უცვლელი იქნება. არა და, ადამიანები სილამაზის აღქმასთან დაკავშირებით, თავიანთ წარმოდგენებს გაცილებით სწრაფად იცვლიან, ვიდრე თავად ჰგონიათ. ამაზე გავლენას მათი გარშემომყოფებიც ახდენენ.
ინტერნეტის ეპოქაში სილამაზეზე წარმოდგენები იმდენად ჩქარა იცვლება, რომ ასეთი ცვლილება ისტორიაში აქამდე არ მომხდარა.
ერთ-ერთი ბოლო კვლევით დადგინდა, რომ სილამაზის შესახებ ჩვენი წარმოდგენის ცვლილება იმაზეც კია დამოკიდებული, თუ როგორ სახეს შეხედეთ ბოლოს. მობილურ აპლიკაციებსა და გაცნობის ვებგვერდებზე კი ასეთი რამ ხშირად ხდება - წამების განმავლობაში უამრავი სახე შეიძლება ვნახოთ.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ინტერნეტში გაცილებით მეტი ადამიანი მოგწონთ, ვიდრე რეალურ ცხოვრობაში, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სიჩქარე, რომლითაც თქვენ სოციალურ ქსელებს ათვალიერებთ.
კვლევებით ასევე აღმოჩნდა, რომ ადამიანები მაშინ მოგვწონს, როდესაც მათ თვალს მოვკრავთ და უცბად შევხედავთ, არა მას შემდეგ, რაც დიდხანს და ყურადღებით დავაკვირდებით.
მობილური აპლიკაციებით გაცნობილი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში, გარკვეულხნიანი ურთიერთობის შემდეგ, ბუნებრივია, რომ აღარ მოგვეწონოს. შეხვედრის და პირისპირ კომუნიკაციის დროს ჩვენი ტვინი უფრო მეტ ინფორმაციას ამუშავებს ამ ადამიანზე, ვიდრე აპლიკაციებსა თუ სოციალურ ქსელებში რამდენიმე წამით ფოტოზე შეხედვისას.
წყარო