ვეტერანები ახალ სასკოლო საგანში აგვისტოს...

„მივიჩნევთ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ მხოლოდ ერთ, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით შეუსწავლელ, 2008 წლის ომზე მუდმივი აპელირება და მხოლოდ ამ ომის გმირების ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება, მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანას არა ერთი ომი თუ შეიარაღებული კონფლიქტი გადაუტანია, ვფიქრობთ, არასწორია“, – ამის შესახებ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სკოლებში ახალი საგნის, ‘’თავდაცვა და უსაფრთხოება’’-ს სწავლების ინიციატივას შეეხება.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, უახლეს ისტორიაში წარმოებულმა ომებმა, ქვეყანას მრავალი გმირი შემატა, რომელთა თავდადების არაღიარება, მათი სახელებისა და ისტორიების სასწავლო პროგრამაში გაუთვალისწინებლობა, ძალიან დიდი შეცდომა და მეტიც, დანაშაულია ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე!
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოში, მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებისა და მათი გმირების ისტორია არ უნდა ისწავლებოდეს! სახელმძღვანელო აუცილებლად უნდა მოიცავდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1991-1993 წლებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საომარი მოქმედებების, ასევე, კოდორში და 1998 წელს გალსა და 2004 წელს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების და მათი გმირების ისტორიას, რათა არც ერთ, ისედაც გულმოკლულ დედას, რომლის შვილმაც თავი სამშობლოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას შესწირა, არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი ვაჟკაცის მიერ ქვეყნისათვის გაღებული სისხლი და სიცოცხლე დაუფასებელი და უგულებელყოფილია!
არანაკლებ მნიშვნელოვანია,ზუსტად განისაზღვროს და საზოგადოებას მკაფიოდ განემარტოს ამ საგნის სწავლების მიზანი და ის შედეგი, რასაც იგი ჩვენი მომავალი თაობებისთვის გამოიღებს.
პროფესიონალი და გამოცდილი სამხედრო ოფიცრების, ვეტერანების ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, ასევე, მოქმედი სამხედრო პირების მიერ ამ ახალი პროგრამის საჯარო სკოლებში სწავლების მიზანშეწონილობა.
დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს ამ საფუძვლიან შენიშვნებს შესაბამისი უწყებები გაითვალისწინებენ და ქვეყანას აარიდებენ საზოგადოების ფართო მასებსა და მით უფრო, ვეტერანებს შორის განხეთქილებას და არ დაუშვებენ საქართველოს უახლესი ისტორიის მიკერძოებულად სწავლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე 14 სკოლაში დაინერგება.
