მამა და შვილს შორის ხდება ხოლმე კონფლიქტი...
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელის წინააღმდეგაც საქმის ძიება ძალადობისა და ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, პოლიციამ გუშინ დააკავა. გეგა გეგეშიძის დაკავება სპორტსმენთა ნაწილმა წუხელ თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებით გააპროტესტა.ისინი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი ძალადობა არ ყოფილა:
„რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას მე ქულას ვერ ავუღებ. ყველაფერი ხდება. ხშირად მომხდარა ასეთი სიტუაციები. ასეთი ფორმა არასდროს მიუღია. დღეს რომ აქ ვდგავართ, ძალიან საწყენია და სამარცხვინოა. ფედერაციაც მოჭიდავეა და მოჭიდავეც მოჭიდავეა. მამა და შვილს შორის ხდება კონფლიქტი, შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს,“- განაცხადა საქართველოს ჩემპიონმა 65 კგ. წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.
მოგვიანებთ კი მედიაში სკანდალური ვიდეო გამოქვეყნდდა. კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება.
