“სასაცილოა… არც ჯაჭვი მჭერია და არც...
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე უარყოფს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტს და ამბობს, რომ ის არავის ემალება და გამოძიებასაც ჩვენებას მისცემს.
“რომ გითხრათ, ჩხუბი იყო, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს. ზოგი ამბობს, მე ხელკეტო ჩავარტყი, ხოგი ამბობს, ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი ამბობს – დავჭერი. ჯერ თითონ ჩამოყალიბდნენ, ერთი ერთს იძახის, მეორე – მეორეს. მე პირდაპირ ვამბობ, არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია და არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭერია.
სასაცილოა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვენებასაც მივცემთ, არავის არ ვემალებით”, – განუცხადა გეგა გეგეშიძემ “ქრონიკას”.
სპორტის სასახლეში გადაღებული ექსკლიზიური კადრები ‘შაბათის კურიერმა’ გასააჯაროვა. მასალა თვითმხილველის მიერაა გადაღებული.
სკანდალურ კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება და მას ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი სახეში მუშტი ხვდება.
სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები გამოსაკითხად დაიბარეს, თუმცა, მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდებაზე უარი თქვეს. სწორედ ამის გამო, მათი გამოკითხვა სასამართლო წესით მოხდება.
წყარო: newpost
