ივარგებს თუ არა დიდ დიღომში აფეთქებული...
საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე აცხადებს, რომ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით დასკვნა ხუთ დღეში იქნება მზად, მიყენებული ზიანის შესახებ კი ერთ კვირაში.
„58 საცხოვრებელ ბინაში, მოსახლეობასთან ერთად, შესულები იყვნენ სამხარაულის ექსპერტები ნივთების აღწერისა და ზარალის ანაზღაურების დადგენის მიზნით. შუალედური დასკვნა ამ მიმართულებით სავარაუდოდ ერთ კვირაში იქნება, ხოლო ხუთ სამუშაო დღეში იქნება დასკვნა კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაიოზ ვასაძემ.
რაც შეეხება დაზარალებული მობინადრეების ბინის ქირით უზრუნველყოფას, საბურთალოს გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე 13 ოჯახი სასტუმროებიდან საცხოვრებელ ბინებშია გადასული.
„ჩვენი ვარაუდით ორ-სამ დღეში ყველა დაზარალებული, რომლებიც სასტუმროებში არიან, გადავლენ ბინებში და ბინის ქირის კომპენსაცია მთლიანად დაფინანსდება მერიის სარეზერვო ფონდიდან“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
