Header Ads

ბანკირს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად აზარალა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჟენევის სასამართლომ Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც მისი კლიენტების წინააღმდეგ მაქინაციების წარმოება ედებოდა ბრალად, დამნაშავედ ცნო. მის კლიენტებს შორის იყო საქართველს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონი უარყოფდა უკანონო გარიგებებიდან რაიმე სარგებლის მიღებას, მოსამართლემ 54 წლის ბანკირი დამნაშავედ ცნო და განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად მან 30 მილიონი ფრანკი მიითვისა. 

ლესკადრონი 2015 წლის იანვარში დააკავეს, მას შემდეგ რაც პროკურორებმა დაიწყეს იმის გამოძიება, თუ როგორ აწარმოებდა ის უკანონო შესყიდვებს და აყალბებდა დოკუმენტაციას, რათა თავისი კლიენტებისთვის დანაკარგები დაემალა.

გამოცემის ცნობით, ლესკადრონის ქმედებებით 5 კლიენტიდან ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი დაზარალდა. მას შემდეგ, რაც 2009 წელს ივანიშვილის მიერ მოთხოვნილი 600 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გაყიდვა და აქციების შესყიდვა ვერ შედგა, ლესკადრონმა ქართველ კლიენტს ყალბი განცხადებები გაუგზავნა, რათა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები დაეფარა. 

ივანიშვილი სასამართლოში დაიბარეს, თუმცა მისი ადვოკატის თქმით, მკურნალობის გამო ის პროცესს ვერ დაესწრო. 

კლიენტების სიაში არიან ვიტალი მალკინი, რუსი სენატორი, რომელმაც 1990-იან წლებში ივანიშვილთან ერთად Rossiyskiy Kredit Bank-ი დააფუძნა, რუსი ბიზნესმენი ოლგა კურბატოვა, სერგეი ეგოროვი და ზურაბ ლისოვი - რუსული გაზისა და ნავთობის კომპანიათა ხელმძღვანელები.

სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 138 მილიონი დოლარი) ოდენობის ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 23 მილიონი დოლარი) გადახდა დააკისრა.

პატრის ლესკადრონს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.