Header Ads

პროკურორი: “იავნანას“ საქმეზე ღირებული ინფორმაცია მივიღეთ

ფონდ „იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის გამოკითხვის შედეგად გამოძიებამ ღირებული ინფორმაცია მიიღო, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ფონდის შემოქმედებითი ჯგუფის წევრების დაკითხვის შემდეგ, საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ინფორმაციებს გამოძიება სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეაჯამებს.

დღეს მაგისტრ მოსამართლეს ჩვენება მისცეს ფონდის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, დამდგმელმა და ტელერეჟისორებმა, ასევე ერთ-ერთმა მძღოლმა.

ერთ-ერთის ადვოკატის, ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, გამოკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ ფონდ “იავნანაში” არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და “იავნანა” საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ფონდის დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ხელახალი გამოკითხვის საჭიროება. ამ ეტაპზე არ არსებობს.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირები შესაძლოა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

პაატა ბურჭულაძემ 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა ორგანიზაცია 'საქართველოს განვითარების ფონდი', რომლის დეკლარირებული მიზანი იყო 'ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია'. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან პოლიტიკური მოძრაობა 'სახელმწიფო ხალხისთვის' შექმნა, თუმცა მისმა მოძრაობამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა ჯერ პარტია, შემდეგ კი საქართველო დატოვა. 9 სექტემბერს ის რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.