Header Ads

ია ანთაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვა

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” დამფუძნებელმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა ია ანთაძემ ქარტია დატოვა. ამის მიზეზად ipn-სთან საუბარში ია ანთაძემ ცოტა ხნის წინ, მესამე სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გეგმა დაასახელა. ია ანთაძის განცხადებით, ამ გეგმის, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი თავად „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ არის, შინაარსს არ იზიარებს, შესაბამისად, ქარტია დატოვა.

გუშინ გავრცელდა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”.

საუბარია იმაზე, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის კრიზისულ მდგომარეობაში, ხელმომწერები შეიმუშავებენ გეგმას და გადაარჩენენ მაუწყებელს. გამოდის, რომ მე, ერთი მხრივ, როგორც მენეჯმენტის წარმომადგენელი ე.ი. ვარ კრიზისში და მეორე მხრივ, როგორც ქარტიის დამფუძნებელი ვარ ის ადამიანი, რომელიც კრიზისიდან ჩემს თავს გადავარჩენ. ალბათ გასაგებია, რომ ეს სიტუაცია აბსურდამდე მივიდა და უბრალოდ, არ არსებობდა სხვა ნაბიჯი გარდა იმისა, რომ ან დამეტოვებინა ტელევიზია, თუ მიმაჩნია, რომ მართლაც კრიზისშია და თუ ამას არ ვეთანხმები, მაშინ დამეტოვებინა ქარტია.

ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად ქარტიის დატოვება მივიჩნიე. შემუშავებული გეგმის ავტორებს პირადად ჩემი მხრიდან პასუხს არ გავცემ, იმიტომ, რომ ეს სერიოზული თემაა და ამაზე პასუხს ტელევიზია გასცემს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ჩემი დამოკიდებულება ამ გეგმის მიმართ გამოიხატა იმაში, რომ დავტოვე ქარტია, რომლის შექმნაშიც პირადად მე პატარა წვლილი არ მიმიძღვის”, - განაცხადა ია ანთაძემ.

მანამდე ია ანთაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების 'მოამბის' რედაქტორთა ჯგუფი დატოვა.

ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად 2017 წლის იანვარში დაინიშნა. ე.წ. სუპერდესკი ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გასული წლის დასაწყისში შეიქმნა. სუპერდესკის ჯგუფი დღის საინფორმაციო გამოშვებებს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ უკმაყოფილება არსებობს, რაც პოეტ ზვიად რატიანის შესახებ მაუწყებლის მიერ დაკავების ვიდეოს გავრცელებამ გამოიწვია.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.