უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სააკაშვილის დასაკავებლად სპეცრაზმის გაგზავნის ფაქტს უარყოფს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ სასტუმროში, სადაც პოლიტიკოსი იმყოფება, სპეცრაზმი არ გაუგზავნიათ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
“სპეცრაზმმა “ალფამ“ სხვადასხვა ორგანოებისგან შეიძლება მიიღოს დავალება, არამხოლოდ უსაფრთხოების სამსახურისგან“, - აცხადებენ უწყებაში.
სააკაშვილის შესაძლო დაკავების შესახებ კომენტარს ვერც გენერალურ პროკურატურაში აკეთებენ
სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-ში კი განაცხადეს, რომ იქ მისული იყო დაახლოებით 10-15 სპეცრაზმელი. “ მათ თქვეს, რომ სასაზღვრო სამსახურის დავალებით მოვიდნენ, მაგრამ რაკი ეს კერძო საკუთრებაა, მათ შესაბამისი დოკუმენტი მოსთხოვეს, რის საფუძველზეც სასტუმროში ყოფნა შეეძლოთ. ასეთი დოკუმენტები არ ჰქონდათ. როცა დაინახეს, რომ ხალხი გროვდებოდა (სააკაშვილის მხარდასაჭერად), წავიდნენ. ახლა ისინი აქ არ არიან“, - განაცხადეს სასტუმროში.
საემიგრაციო სამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას სააკაშვილის შესაძლო დაკავების მზადებასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-ში უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ასაყვანად სპეციალური დანიშნულების რაზმი “ალფა“ გააგზავნა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.
სრულად
