ყველაზე ცხარე წიწაკის ჭამის შემდეგ, კონკურსანტი საავადმყოფოში მოხვდა

ნიუ-იორკის შტატში ყველაზე ცხარე წიწაკის (ჩილის) ჭამის კონკურსი გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც კონკურსიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც BBC წერს, 34 წლის კონკურსანტმა მსოფლიოში ყველაზე ცხარი წიწაკა Carolina Reaper-ი შეჭამა. კონკურსიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას მშრალი ხველა დაეწყო, რასაც თან მოყვა კისრის არეში ტკივილი, საბოლოოდ კი ძლიერი, ელვისებური თავის ტკივილი განუვითარდა.
ის საავადმყოფოში მოხვდა. კონკურსანტი იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ თავიდან ექიმებმა რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებაზე შეამოწმეს, სანამ გაიგებდნენ, რომ "Carolina Reaper"-ი ჰქონდა ნაჭამი. თავის ტვინის ტომოგრაფიამ კი აჩვენა, რომ კაცს ტვინის სისხლძარღვების შევიწროება ჰქონდა.
