უნგრეთში ოპოზიციური გაზეთი და რადიოსადგური იხურება

უნგრეთში უმსხვილესი ოპოზიციური გამოცემა და რადიოსადგური იხურება. საუბარია გამოცემა Magyar Nemzet-სა და რადიოსადგურ Lánchíd Rádió-ზე, რომლებიც უნგრელი ოლიგარქის, ლაიოშ სიმიშკას საკუთრება იყო.
სიმიშკა ღიად უჭერს მხარს მემარჯვენე პარტია „იობიკს“, რომელიც 8 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. საარჩევნო კამპანიის დროს გამოცემა Magyar Nemzet-მა გამოაქვეყნა არაერთი მასალა მთავრობაში არსებული კორუფციის შესახებ.
გამოცემის ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მფლობელების გადაწყვეტილებით, გაზეთის ბეჭდური და ინტერნეტვერსია არსებობას წყვეტს. 1938 წელს დაარსებული გამოცემის ბოლო ნომერი 11 აპრილს გამოვა. თანამშრომლებს გამოცემის დახურვის შესახებ მხოლოდ დღეს აცნობეს.
ანალოგიური მიზეზით მაუწყებლობას წყვეტს Lánchíd Rádió. ის მაუწყებლობას 11 აპრილს, შუაღამით შეწყვეტს.
ლაიოშ სიმიშკა უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია, წარსულში ის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ახლო მეგობარი და მმართველი პარტია „ფიდესის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. თუმცა 2014 წელს ორბანთან უთანხმოების გამო, სიმიშკმა პრემიერის მთავარი კონკურენტის, პარტია „იობიკის“ მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.
8 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარტია „იობიკმა“ (მემარჯვენე რადიკალების ეროვნულ-კონსერვატული მოძრაობა) საკანონმდებლო ორგანოში 26 მანდატი მოიპოვა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა, რომელშიც პარტია “ფიდესი - უნგრეთის სამოქალაქო კავშირი“ და 'ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტია' შედიან.
სრულად
