ეროვნული არქივის განახლებულ დარბაზში ფილმის ჩვენება კინოფირიდანაც შეიძლება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის განახლებული კინოდარბაზი გახსნა. ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლითაც ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებს მიაგეს პატივი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში იქნება ერთადერთი კინოთეატრი, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი, განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო და აკუსტიკური სისტემაც.
კინოდარბაზის გახსნის ცერემონიაზე 1934-1935 წლებში გადაღებული ერთ-ერთი პირველი ანიმაციური ფილმი „არგონავტები – კოლხიდა“ აჩვენეს. ფილმის ავტორია ლადო მუჯირი, მხატვარი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტორი შალვა აზმაიფარაშვილი.
საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი.
სრულად
