პრემიერ-მინისტრი სარალიძეების ოჯახს, ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლებს, მათ ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.
"სამწუხაროდ, აქამდე არ მომეცა საშუალება, მშვიდ ვითარებაში შეგხვედროდით. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ. ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც სარალიძეების ოჯახს მათი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქვს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გარკვეული ინფორმაცია 1-ელ ივნისს, სახალხო დამცველთან შეხვედრისასაც მიიღო.
ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა მიაწოდა.
შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სარალიძეების ოჯახი სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებს გაეცნობა. ანალოგიური შეთანხმება შედგა დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ კონკრეტულ ფორმატზე, რომელიც ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
გარდაცვლილ დავით სარალიძის მამა გამოძიებას უნდობლობას უკვე დიდი ხანია უცხადებს, თუმცა პროცესების ამ კუთხით განვითარება საქმეზე გამოტანილ ხმაურიან განაჩენს მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი არა ირაკლი შოთაძის გადადგომა, არამედ დამნაშავეების დასჯაა. ამიტომ, შეკრებილები დაშლას არ აპირებენ.
დადუნაშვილის მკვლელობისთვის გ.ბ-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ჯ-ს კი - 9 წელი და 9 თვე
წყარო