ვინ არის მარო ბაბო, რომელიც ერთადერთი...

მარიამ ჟუჟუნაძე ერთადერთია, ვინც მესხური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას 46 წელია ცდილობს. ის საქართველოში ერთადერთი ადამიანია ცოცხალი საუნჯის წოდებით. ქართული არამატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის მინიჭებულ წოდებას მარო ბაბო უკვე 6 წელია ატარებს.
ათწლეულების განმავლობაში საკუთარი ძალებითა და ფინანასებით მოპოვებული მესხური ხელით ნაქსოვი ფარდაგები, ხალიჩები და ექსპონატები სოფელ მუსხში, მარიამ ჟუჟუნაძის სახელობის სკოლა-მუზეუმში ინახება.
მესხური გობი, თიხის ზარქუში, სუზაგი, ხის ტაბაკი და კიდევ 200-მდე სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნივთი სამ პატარა ოთახშია თამოყრილი. შემონახული აქვს რამდენიმე ისეთი ნივთიც, რომელთა ზუსტი წლოვანება თავადაც არ იცის.
ქართული ხალხური რეწვის 86 წლის ოსტატი უნიკალური მეთოდით დღემდე ქსოვს მესხური სტილის ფარდაგებსა და ხალიჩებს. გამორჩეული ფერების მისაღებად ქიმიური საღებავების ნაცვლად უპირატესობას წინაპრების მსგავსად, ბუნებრივს ანიჭებს. ფრადაგებს და ხალიჩებს სოსანებით, გვირილებით, თუთის ფოთლებით, ყაყაჩოებით და ჭარხლითაც კი ღებავს.
საკუთარ ცოდნას ახალგაზრდებსაც უზიარებს. შრომატევადი საქმის მიუხედავად, 86 წლის მარიამ ჟუჟუნაძე მსურველებს ქსოვის ხელოვნებას ყოველდღე ასწავლის და დროის უდიდეს ნაწილს მათ უთმობს. იმასაც დარდობს, რომ ძველი ხელსაქმე ახლა ბევრს არ აინტერესებს. მისი ერთადერთი სურვილია, ააშენოს მესხური ოდა ერდოთი, ისეთი, როგორიც ბავშვობის მეხსიერებას შემორჩა.
