ცნობილია აფთიაქები, სადაც „ტამიფლუ“ 6...

ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში, ზემოთჩამოთვლილ აფთიაქებში 800 კოლოფი უკვე გადანაწილდა, დილიდან კი რაიონებშიც გადანაწილდება წამალი, რათა დეფიციტი აღმოიფხვრას.
რაც შეეხება იმას, თუ თბილისის კონკრეტულად რომელ ფილიალში გაიყიდება ‘ტამიფლუ’, ამის გასარკვევად მოქალაქეებმა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე (1505) ან შესაბამისი აფთიაქის ცხელ ხაზე უნდა დარეკონ.
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ‘ტამიფლუს’ ორსულებისა და სოციალურად დაუცველების გარდა, უფასოდ ასევე მიიღებენ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.
მინისტრის განმარტებით, მათ წამლის მისაღებად მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ უფასოდ ‘ტამიფლუს’ მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).
„ტამიფლუს“ მარაგები ქვეყნის მასშტაბით აფთიაქებში 10 იანვრიდან შეივსება.
